27/05/2023
17:30
სამხედრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის, DFC-ის მმართველ დირექტორთან, პროექტების დაფინანსების მიმართულებით, კენეტ ანჯელთან.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხი DFC-ის მხრიდან, თბილისში, მრავალპროფილური, მულტიფუნქციური ჰოსპიტლის მშენებლობის მხარდაჭერა იყო.
კობა კობალაძემ დეტალურად განმარტა ვეტერანთა მრავალპროფილური ჰოსპიტლის პროექტის განხორციელების საჭიროება. ასევე, ისაუბრა მის პრიორიტეტებზე, მობილობასა და უპირატესობებზე.
კობა კობალაძის განმარტებით, ეს ჰოსპიტალი გახდება კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტაციონარი, სადაც სამედიცინო სერვისების მიღებას შეძლებენ, ქართველი ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, ვეტერანები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
კენეტ ანჯელის განცხადებით, ჯანდაცვის სფერო, DFC-ის პრიორიტეტული მიმართულებაა. მან დაინტერესება გამოხატა აღნიშნული პროექტის მიმართ და განაცხადა, რომ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს გაწერილი, ისინი მზად იქნებიან, ითანამშრომლონ ამ საკითხზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და განიხილონ ჰოსპიტლის მშენებლობის შემდეგი ეტაპები.
როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კობა კობალაძემ კენეტ ანჯელს მადლობა გადაუხადა შეხვედრისა და ვეტერანთა ჰოსპიტლის მშენებლობაში დახმარების მზაობისთვის. მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს გაუმარტივებს ერთ სივრცეში მრავალპროფილური, მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისების მიღებას.
„შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი. თბილისში, ვეტერანთა მულტიფუნქციური ჰოსპიტლის მშენებლობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ლუბლიანას ქუჩაზე, 5300 კვ.მ მიწის ფართობი სახელმწიფოსგან უკვე გადაეცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024