04/06/2024
19:01
სამართალი
"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ცნობით, კინოცენტრს კონკურსის გათავისუფლებულმა ჟიურიმ სასამართლოში დავა მოიგო.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრების: ბესიკ სოლომანაშვილის, ნანა დოლიძის, დავით ფირცხალავას, ია შუღლიაშვილის, ნინო შველიძისა და იოსებ ბლიაძის სარჩელი და ბათილად ცნო საექსპერტო კომისიიდან ამ პირების გათავისუფლების შესახებ ბრძანება და ცენტრს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად ანაზღაურება დაავალა.
"2021 წლის 4 ნოემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ ,,საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა" გამოაცხადა პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსი. აღნიშნულ კონკურსში შესული განაცხადების შესწავლის, შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით, კინოცენტრმა შექმნა საექსპერტო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ბესიკ სოლომანაშვილი, ნანა დოლიძე, დავით ფირცხალავა, ია შუღლიაშვილი, ნინო შველიძე და იოსებ ბლიაძე.
კომისიის წევრები, მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულნი იყვნენ, შეესწავლათ კონკურსში მონაწილე პროექტები, რაც მოიცავდა მათ სცენარის წაკითხვას, ბიუჯეტის ანალიზს, ავტორების წინა ნამუშევრებისა და კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაციის გაცნობას, შეფასებასა და სხვა. კომისია მუშაობას შეუდგა 2022 წლის 14 თებერვლიდან, დეტალურად შეისწავლა საკონკურსო დოკუმენტაცია და ელოდა გასაუბრებას, რომლის შემდეგაც გამოვლინდებოდა საბოლოო გამარჯვებული.
ამ პროცესის პარალელურად, 2022 წლის 14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე.
23 მარტს საექსპერტო კომისიის წევრებს ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ დაგეგმილი გასაუბრებები დროებით გადავადდა და ახალ თარიღებთან დაკავშირებით ინფორმაციის დამატებით მიაწოდებდნენ.
კინოცენტრის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის შემდეგ საექსპერტო კომისიასთან კომუნიკაცია არ შემდგარა. კომისიამ წერილობით მიმართა ახალ დირექტორს, კარლო სიხარულიძეს, ჩაენიშნა გასაუბრების ახალი თარიღი, რის პასუხადაც მიიღეს შეტყობინება, რომ კომისიის შემადგენლობა სრულად შეიცვალა.
ახალმა კომისიამ დაიწყო კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი ისე, რომ არც ძველი კომისიის შეცვლისა და არც ახლის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია და არც კომისიის ახალი წევრების ვინაობა არ იყო ცნობილი.
სოლომანაშვილმა, დოლიძემ, ფირცხალავამ, შუღლიაშვილმა, შველიძემ და ბლიაძემ არაერთხელ მიმართეს ცენტრის დირექტორს შეხვედრისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თუმცა კინოცენტრი მიმართვას არ გამოხმაურებია, რის გამოც 2022 წლის 27 მაისს „სამართლიანი არჩევნების” დახმარებით ამ პირებმა მიმართეს სასამართლოს." ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0