15/12/2021
14:07
საზოგადოება
შეხვედრის ფარგლებში კახა ლაბუჩიძე მუზეუმების თანამშრომლებს შეხვდა, რომლის დროსაც მათ ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს. როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამუზეუმო რეფორმის პროცესში კომისია მზად არის სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს მუზეუმების გაერთიანებას.
კახა ლაბუჩიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი სამუზეუმო საქმეს. მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნების გაზრდილი ოდენობით გათვალისწინება კი იმის მანიშნებელია, რომ სამუზეუმო რეფორმისა და მოდერნიზების გზაზე, მუზეუმების გაერთიანებას გაცილებით მეტი რესურსი ექნება ინოვაციური და კულტურულ-შემოქმედებითი პროექტების ჩასატარებლად. მუზეუმების გაერთიანების მიზანია ინსტიტუციური სრულყოფა, საგამოფენო სივრცეებისა და ექსპოზიციების განახლება, საინფორმაციო ბაზებისა და სამეცნიერო მიმართულების მომზადება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ამ მხრივ, სამაგალითოა ყველა ის საქმე, რაც გაერთიანებამ ბოლო 5 წლის განმავლობაში განახორციელა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება 9 სტრუქტურული ერთეულისაგან შედგება:
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი (აერთიანებს სამ ობიექტს: ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმი;)
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი;
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი;
მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი (მიმდინარეობს რეექსპოზიციის პროცესი).
ამ ეტაპისთვის დასრულებულია რეაბილიტაცია და დამთვალიერებელს განახლებული ექსპოზიციები დახვდება ვახტანგ ჭაბუკიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მერაბ კოსტავას, კოტე და სოსო წერეთლების, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმებში და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მეზეუმში. რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს, მუზეუმების გაერთიანების დირექტორის, ნინი სანადირაძის თქმით, მის სამუზეუმო სივრცედ გარდაქმნა 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.
მუზეუმების გაერთიანებას აქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება. ერთი მხრივ, რეაბილიტაცია-რესტავრაციის მიმართულება, რაც თანამედროვე მუზეუმის სტანდარტის შესაბამისად სამუზეუმო სივრცეების მოწყობას გულისხმობს და მეორე მხრივ, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, რაც საგამომცემლო საქმის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს. მუზეუმების გაერთიანება 30-ზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ დამთვალიერებელს.
0
0