16/10/2024
18:30
საზოგადოება
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო.
კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ამაყია აღნიშნული პროექტის დამტკიცებაში მონაწილეობით.
„ძალიან სასიამოვნო გარემოა. ამაყი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული პროექტის დამტკიცებაში. რასაც ფურცელზე ვხედავდით, ძალიან ლამაზი პროექტი იყო, მაგრამ ადგილზე ნახვის შემდეგ შენობამ მოლოდინს გადააჭარბა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროექტზე მუშაობდა. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურა, შიგთავსიც მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით, ტელევიზია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.
ვუერთდები მილოცვებს და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი. მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და ყველაფერი მოხდება – ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და აღორძინება. მინდა გისურვოთ საუკეთესო სიახლეები, მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ და ზრუნავენ იმაზე, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია, ის სიახლეები, რაც ქვეყანაში, დედაქალაქში ხდება. ამ ყველაფრისთვის ყველას გიხდით მადლობას და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
0
0