27/06/2022
12:39
მსოფლიო
კანადის შორეულ ჩრდილოეთში მდებარე კლონდაიკის ოქროს საბადოებში, მაღაროელებმა ბეწვიანი მამონტის ნაშიერის მუმიფიცირებულ ნაშთებს მიაკვლიეს.
ადგილობრივი Tr'ondek Hwech'in First Nation-ის (ჰანის ლინგვისტური ჯგუფის) წევრებმა მამონტის ხბოს ნუნ ჩო გა დაარქვეს, რაც "დიდ ნაშიერს" ნიშნავს.
როგორც პალეონტოლოგმა გრანტ ზაზულამ განაცხადა, ჩვილი მამონტი, რომელსაც კანი და ბეწვი შენარჩუნებული აქვს, „მშვენიერია და ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მუმიფიცირებული გამყინვარების ხანის ცხოველია, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა მსოფლიოში“.
მაღაროელებმა ჩვილი მამონტის ნაშთები 21 ივნისს, კანადაში, იუკონის ტერიტორიაზე, დოუსონ სიტის სამხრეთით, გათხრების დროს აღმოაჩინეს. აღნიშნული ზონა აშშ-ის შტატ ალასკას ესაზღვრება.
ვარაუდობენ, რომ ცხოველი მდედრი იყო და გამყინვარების ეპოქაში მოკვდა, 30000 წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც ბეწვიანი მამონტები რეგიონში ველურ ცხენებთან, გამოქვაბულის ლომებთან და გიგანტურ სტეპურ ბიზონებთან ერთად ბინადრობდნენ. პალეონტოლოგ გრანტ ზაზულას თქმით, ნუნ ჩო გა, სავარაუდოდ, ერთი თვის იყო, როცა გარდაიცვალა, ტალახში ჩარჩენის შემდეგ.
მუმიფიცირებული ბეწვიანი მამონტის ნაშთი ჩრდილოეთ ამერიკაში ნაპოვნ პირველ თითქმის სრულყოფილ და ყველაზე კარგად შემონახულად ითვლება.
0
0