30/04/2022
12:15
სამხედრო
სამხედროებმა ამაყად ატარეთ ჩვენი ჯარის სახელი, ისე, როგორც შეეფერება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს, თავდაცვის ძალებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრმა დღევანდელი დღე ქვეყნის მამაც სამხედროებს მიულოცა, რომელთაც თავიანთი პროფესიონალიზმი და მებრძოლი სული ქვეყნისთვის ბრძოლაში არაერთხელ წარმოაჩინეს.
„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის განსაკუთრებულად პატივსაცემი ადამიანები. მრავალი თქვენგანის ზურგზე გადაიარა არაერთმა მძიმე განსაცდელმა. ბევრი თქვენგანი გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სამხედროებმა ამაყად ატარეთ ჩვენი ჯარის სახელი, ისე, როგორც შეეფერება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს, თავდაცვის ძალებს. თქვენთან ერთად კვლავ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენი ჯარის სათანადო აღჭურვასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას.
ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად, გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობები. წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. ქართული ჯარის 31 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
0
0