30/06/2022
17:54
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინისთვის კიდევ 800 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ გამოაცხადებს.
„ჩვენ უკრაინას გამოვუყავით თითქმის შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება მას შემდეგ, რაც მე პრეზიდენტის თანამდებობა დავიკავე. უახლოეს დღეებში ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 800 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გამოცხადებას, რაც მოიცავს ახალი, მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მეტ არტილერიას და აღჭურვილობას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ დაიცავს ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.
„ჩვენ ერთად ჩავდებთ მეტ რესურსს შესაძლებლობებში ყველა სივრცეში – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერ და კოსმოსურ სფეროში. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მეხუთე მუხლის ვალდებულება წმინდაა და ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. თავის მხრივ, აშშ აკეთებს სწორედ იმას, რაც მე ვთქვი, რომ გავაკეთებდით, თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა. ვაძლიერებთ ჩვენ პოზიციებს ევროპაში, ჩვენ განვათავსებთ მეტ ხომალდს აქ, ესპანეთში, ჩვენ ვათავსებთ მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იტალიაში და გერმანიაში, მეტ ეფ-35-ს გაერთიანებულ სამეფოში, აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ნატო-ს სამეთაურო შტაბს პოლონეთში, დამატებით ბრიგადას რუმინეთში, ამასთან ერთად, ძალების როტაციული განთავსება ბალტიის ქვეყნებში. მდგომარეობა შეიცვალა, რათა ჩვენ მოვახდინოთ ადაპტაცია იმ მსოფლიოსთან, რომელიც დღეს არის. ეს ყველაფერი ხდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ნატო-ს რეაგირებისა და უკრაინის თავდაცვის დახმარების ფონზე. აშშ აერთიანებს მსოფლიოს უკრაინის მხარდასაჭერად. მთელ მსოფლიოში მოკავშირეებს და პარტნიორებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამაში“, – განაცხადა ბაიდენმა.
0
0