11/05/2023
15:33
მედიცინა
პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით იმსჯელეს.
კომიტეტმა ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა პეტიცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტ „ვოსორიდიტის“ დაფინანსებას ეხება. კომიტეტზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ფიზიოლოგიური რეაბილიტაციის დაფინანსების საკითხიც განიხილეს.
„განხილულ იქნა პეტიცია საქართველოში „ვოსორიტიდის“ შემოტანასთან დაკავშირებით. ყველამ მხარი დაუჭირა და ჯანდაცვის სამინისტროში გადაიგზავნა. კიდევ ერთხელ მოგვისმინეს. ფაქტია, ნამდვილად მუშაობენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთხარით, რომ მთავარი მიზანია, საკითხი უახლოეს პერიოდში იყოს გადაწყვეტილი. ყველას გვაქვს გააზრებული, რომ დრო სჭირდება. მოხარული ვიქნებით, თუ პროცესი დაჩქარდება. მომავალი საბჭოს შეხვედრა ორშაბათს არის ჩანიშნული, რომელსაც მშობლებიც დავესწრებით და გავეცნობით წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა.
ამასთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განაცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით პროტოკოლზე მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, ყველაფერი გამჭვირვალედ ხორციელდება და მშობლები საქმის კურსშია არიან.
„24 მარტს შეიკრიბა იშვიათი დაავადებების საბჭო, რომელმაც განიხილა აქონდროპლაზიის მკურნალობა „ვოსორიდიტით“. ამის საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მარტის ბოლოს დაიწყო მუშობა. პრაქტიკულად, ყოველ ათ დღეში ეს საბჭო სამუშაო ჯგუფთან ერთად იხილავს გაიდლაინს, პროტოკოლს, რომელიც უნდა შეიქმნას საქართველოში. არაერთხელ გავაჟღერეთ ჩვენც და ჯანდაცვის სამინისტრომაც, რომ სავარაუდოდ მაისის ბოლოს, ივნისის პირველ რიცხვებში ე.წ. დრაფტი იქნება შექმნილი. ჯერჯერობით არცერთ ქვეყანაში „ვოსორიტიდი“ გაიდლაინში არ არის. მადლობა თითოეულ ექიმს, რომლებიც იკრიბებიან, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ. საბჭოს წევრები ვისმენთ ანგარიშს, რა მდგომარეობაა ამჟამად. საქმე მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს ახალი მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანა. იცით პრემიერის განცხადების შესახებ, რომ ბავშვებს სპეციალური სტატუსი მიენიჭებათ, დაუფინანსდებათ რეაბილიტაცია, ფიზიოთერაპია და ასე შემდეგ. მშობლები საქმის კურსში არიან თითოეული წერილის შესახებ, რომელიც იგზავნება კომპანიასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ამიტომ, გამჭვირვალობა იყო, არის და იქნება ამ პროცესში. საჭიროა დრო, რათა მედიკამენტის გაიდლაინი შემუშავდეს“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024