21/01/2022
10:45
საზოგადოება
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება მზად არის გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგისა და მოლაპარაკების რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, რისთვისაც მზაობა მეორე მხარემაც გამოთქვა.
ჯანდაცვის სამინისტროში საინიციატივო ჯგუფთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანი იმ კონკრეტული ნაბიჯებზე მსჯელობა იქნება, რომელიც შესაძლოა სამომავლოდ გადაიდგას.
უწყების ცნობით, სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზანია, დასაქმებულების შრომითი უფლებები და პირობები იყოს ადეკვატური და შესაბამისად, ის სერვისები, რომელიც ბენეფიციარებს მიეწოდებათ, იყოს ხარისხიანი.
ამ მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების და ასევე, სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურების მომატების შესახებ დოკუმენტი ძალაშია შესული.
„სამინისტროს მიზანი ბუნებრივია არის, რომ ჩვენი თანამშრომლების შრომითი უფლებები და შრომითი პირობები იყოს ადეკვატური და შესაბამისად ის სერვისები, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები ჩვენს მოქალაქეებს აწოდებენ იყოს ხარისხიანი. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე არის გადადგმული. მოგეხსენებათ, რომ ხელფასები მოემატათ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს, ეს არის 730-ზე მეტი თანამშრომელი, რომელსაც 60%-მდე მატება დაუფიქსირდა და 240-მდე სოციალური აგენტი და უფროსი სოციალური აგენტი, რომელთაც ასევე მომატებული ხელფასები აქვთ დღეის მდგომარეობით. ბუნებრივია, ეს პირველი ნაბიჯია პირობების გაუმჯობესებისაკენ და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის გაფიცულ სოციალურ აგენტებთან მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგი პირობები იყოს და ჩვენი სერვისები კიდევ უფრო დაიხვეწოს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ხვალ შევიკრიბებით 12:00 საათზე საინიციატივო ჯგუფთან ერთად და უკვე თანამშრომლობისა და დიალოგის რეჟიმში ვისაუბრებთ, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლოდ“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
0
0