12/10/2024
21:34
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მატეო ლორიტოსთან და ნეაპოლის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ უკვე წლებია თანამშრომლობს ნეაპოლის უნივერსიტეტთან და ერასმუსის პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მობილობას ახორციელებს.
„ჩვენ გვაქვს ურთიერთობა როგორც ნეაპოლის, ასევე, სხვა იტალიურ უნივერსიტეტებთან თუმცა, ამ თანამშრომლობის გაფართოება და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ
როგორც ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მატეო ლორიტომ შეხვედრაზე აღნიშნა, წელს უნივერსიტეტის 800 წლის იუბილეს აღნიშნავენ. „გპირდებით, რომ ამ ორი უძველესი აკადემიის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ის მემორანდუმი, რაც უკვე არსებობს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის, განახლდება და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდება“,- განაცხადა მატეო ლორიტომ.
ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაცია საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის "მინერვა“ ხელშეწყობით იმყოფებიან. შეხვედრაზე დაიგეგმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტში და ახალი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
0
0