27/06/2023
22:18
სპორტი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „დინამო არენაზე“ ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ზურიკო დავითაშილმა სტუმართა დაცვა მოატყუა და გოლი გაიტანა. თუმცა, ტაიმის ბოლო წამზე კენეთ ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა 1:1.
საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ისტორია დაწერა და თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავიდა!
თანაც, როგორ გარემოცვაში იყო? პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებების. რამაზ სვანაძის გუნდმა ნიდერლანდების ნაკრებთან ბოლო ტურში სასურველ შედეგს მიაღწია, მაგრამ პარალელურად, პორტუგალიამ ბელგიას აჯობა და საქართველოს რომც წაეგო, ჯგუფიდან მაინც გავიდოდა.
თუმცა, არ წააგო, ქულა მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა! ამრიგად, მეოთხედფინალში C ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება.
თავიდანვე ვთქვათ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩზე დასწრების რეკორდი, რომელიც სამი დღის წინ თბილისში დამყარდა (41 886 მაყურებელი), დღეს გაუმჯობესდა. ამჯერად შეხვედრას ოფიციალური მონაცემებით 43 004 მაყურებელი დაესწრო. ამრიგად, ახლა საქართველოშია დაფიქსირებული ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში ფინალურ ეტაპზე თამაშზე დასწრების ორი საუკეთესო შედეგი.
თამაში ნიდერლანდელთა უდიდესი უპირატესობით დაიწყო და საწყის 5 წუთში 2 რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, ხოლო მეშვიდე წუთისთვის კენეტ ტეილორმა ბურთი ძელს ორჯერ გაარტყა. იყო მცირედით არაზუსტი დარტყმებით, გიორგი მამარდაშვილის სეივებიც. მოკლედ, სტუმრებმა მაგრამ აქტიურობდნენ, საქართველოს ნაკრებს კი თავისი საჯარიმოს მოშორებით თამაში ძალიან უჭირდა და ჩანდა, რომ ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყო დამოკიდებული, რაც ტაიმის ბოლომ დაამტკიცა.
42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა არაამქვეყნიური გოლი გაიტანა! შეიძლება კარიერაში საუკეთესო, ამ ტურნირზე კი დიდი ალბათობით საუკეთესოც. ქართველმა ფეხბურთელმა 5(!) მეტოქე მოატყუა და მეკარეს აუღებელი დაურტყა. მის წინააღმდეგ ნიდერლანდელმა მცველებმა ვერაფერი გააწყვეს, დერეფანიც გაჩნდა, რაც ზურიკომ იდეალურად გამოიყენა და 1:0! ეს ფანტასტიკური შედეგი იყო პირველი ტაიმის სცენარიდან გამომდინარე, რადგან სტუმრები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ.
მსაჯმა პირველ ტაიმს 5 წუთი დაამატა და მე-6 დამატებულ წუთზე ანგარიში გათანაბრდა. კენეტ ტეილორმა ახლო მანძილიდან დაარტყა. სხვათა შორის, მომენტის დასაწყისში ჩანდა, რომ მსაჯი პირველი ტაიმის დასრულებას აპირებდა, მაგრამ დაინახა რა, რომ საჯარიმოდან გამოტანილი ბურთი ნიდერლანდელს ჩაუვარდა და შეტევა გააგრძელა მსაჯმაც გადაიფიქრა, შეტევა სტუმრებს დააცადა და გოლიც გავიდა - 1:1.
მეორე ტაიმში ნიდერლანდები ისევ დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტებს ამჯერად ისეთი სიხშირით ვეღარ ქმნიდა, როგორც შესვენებამდე. საბოლოოდ, ფრე 1:1, რითაც საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა, თანაც ეს 5 ქულა პირველი ადგილისთვისაც საკმარისი გამოდგა.
პარალელურად, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებმა ბელგია 2:1 დაამარცხა და ვინაიდან, საქართველომ არ წააგო, ჯგუფიდან ლუზიტანელები გავიდნენ, 4 ქულით მეორე ადგილზე, ხოლო ბენილუქსების ორივე წარმომადგენელმა ასპარეზობა დაასრულა - ნიდერლანდებმა 3 ქულით მესამე პოზიციაზე და ბელგიამ 2 ქულით ბოლო ადგილზე.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მეოთხედფინალში 1 ივლისს, თბილისში, C ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, რომელიც ხვალ გაირკვევა, ან ჩეხეთი იქნება, ან ისრაელი, ანაც გერმანია. პორტუგალია 2 ივლისს, ქუთაისში ინგლისს დაუპირისპირდება.
0
0