09/02/2024
17:05
სამხედრო
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი წარუდგინა.
თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებს შორის გაცნობითი შეხვედრა უკვე დასრულდა.
„შევხვდი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს. მადლობა გადავუხადე ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. წარვადგინე ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. მქონდა საუბარი იმ საკითხებზე რაც უკავშირდება თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, თავდაცვის რესურსების გაძლიერებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი პატივია, რომ პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რანგში, შედგა სწორედ თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რათა გავაძლიერო ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები სრულად უზრუნველყოფილნი იყვნენ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჯუანშერ ბურჭულაძეს, წინამორბედ მინისტრს. მისი და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი პოზიტიური და დადებითი ცვლილება განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.
მე გეტყვით იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალებს ძალიან მკაფიო ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები; რა გეგმებით უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოკლევადიანი თვალსაზრისით, ასევე საშუალოვადიანით”,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში, ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროში მომუშავე ადამიანებთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ გასცემს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა.
84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.
0
0