10/06/2023
13:40
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომის მონაწილეებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.
განიხილეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები. როგორც სხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს და 2023 წლის აპრილში 7.5 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ს გაუტოლდა. აპრილის თვეში 20.4%-ით გაიზარდა ექსპორტის მოცულობა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ 100 %-ს გადააჭარბა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.
საუბარი შეეხო ინფლაციის კლების პოზიტიურ ტენდენციებს. აღინიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, 2023 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც ინფლაციური ზეწოლის მნიშვნელოვან კლებაზე მიანიშნებს. აღინიშნა, რომ 2022 წლის მაისის შემდგომ საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და ინფლაციის დონე ჩამოცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს – 3%-ს.
ხაზი გაესვა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიურ მაჩვენებელს- 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 496.6 მლნ. აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც პანდემიამდელ - 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა 56.0%-ია.
ასევე აღინიშნა, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში გაგრძელდა პოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორში როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ასევე დასაქმების მიმართულებითაც.
0
0