28/01/2022
11:05
პოლიტიკა
მთავრობის მეთაურმა, კონფერენციაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის მიწვევა მიიღო.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად. ყოველი წლის თებერვალში ეს ღონისძიება თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო 2021 წელს ვერ ვუმასპინძლეთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, თუმცა მაღალი დონის შეხვედრების სერია მოეწყო ვირტუალურ და სატელევიზიო ფორმატში და მათ „გზა მიუნხენისკენ“ ეწოდა.
ყოველივე ამის მიზანი იყო უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ დიალოგი გამართულიყო საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის და საფუძველი ჩაგვეყარა 2022 წლის თებერვლის დებატებისთვის. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2022 წელს საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზებს მეტად უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მაღალი დონის იდეების ურთიერთგაცვლა მოხდეს მათ შორის სტრატეგიული დებატების გზით. ეს იქნება საუბრები სცენიდან, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები.
როგორც წინა წლებში ხდებოდა, მთავარი პროგრამის ფორმატში გამართულ დებატებს ამჯერადაც გაამდიდრებს მრავალი პარალელური ღონისძიება, რომლებსაც საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტები და ორგანიზაციები მოაწყობენ. ბუნებრივია, კონფერენციის ფორმატი და პროგრამა მორგებული იქნება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების იმ დროისთვის მოქმედ რეგულაციებზე. ვიმედოვნებ, 2022 წლის თებერვალში მიუნხენში მექნება თქვენი დახვედრის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ვოლფგანგ იშინგერის წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
0
0