17/01/2024
10:45
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში, დავოსში ვიზიტი დაიწყო. მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.
მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის IT სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ქვეყნის დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკის შედეგად ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან.
მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0