09/12/2021
13:09
საზოგადოება
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს აღნიშნული ინვესტიციების დივერსიფიცირება. მისი თქმით, თუ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საფინანსო სექტორზე მოდიოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.2%, მეორე კვარტალში - უკვე მხოლოდ 35.0%, ხოლო მესამეში - 29.1%. „სამაგიეროდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ინვესტიციები ეკონომიკის რეალური სექტორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და დამმუშავებელი მრეწველობა. მხოლოდ დასახელებულ ამ სამ დარგზე მესამე კვარტალში მოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 3/5. ინვესტიციების ზრდას ჰქონდა ადგილი აგრეთვე მშენებლობაში, ჯანდაცვის სფეროსა და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
მისი ინფორმაციით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ინვესტიციების ზრდა აგრარულ სექტორში, სადაც მისმა მოცულობამ მესამე კვარტალში 3.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 3.3 -ჯერ გადააჭარბა წინა ორი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს; 2021 წლის მესამე კვარტლის უცხოური ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში ასევე საგრძნობლად (2.3-ჯერ) აღემატება პანდემიამდელი, 2019 წლის საშუალო კვარტალურ მაჩვენებელსაც.
„ყოველივე ეს ადასტურებს, რომ უცხოელი ინვესტორები სულ უფრო თამამ და პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, გამოხატავენ მზადყოფნას, თავიანთი კაპიტალის მონაწილეობა დაუკავშირონ საქართველოს მთელი რიგი დარგების განვითარებას. მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 728.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.4 პროცენტით გადააჭარბა“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სამ სახელმწიფოზე (გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ჩეხეთი) მოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62.5 პროცენტი - იანვარ-სექტემბერში და ნახევარზე მეტი (52.4%) - მხოლოდ მესამე კვარტალში. იოსებ არჩვაძის თქმით, აღნიშნული გარემოება ხაზს უსვამს ტრანსპარენტულობისა და საინვესტიციო გარემოებისადმი ხარისხობრივი და მაღალი რეპუტაციული მოთხოვნების მქონე ქვეყნების წარმომადგენლებისათვის ქართული სამეწარმეო გარემოს მისაღებ დონეს.
„სახელისუფლებო პოლიტიკა უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორებისათვის სასურველი საინვესტიციო გარემოს ფორმირებას, ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვას და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს. ამ მიმართულებით მზარდ პოზიტიურ როლს ასრულებს და შეასრულებს მიღებული სახელმწიფო პროგრამა - „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ კომპანიებისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას. ყოველივე ეს, ქვეყანაში გატარებული თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ფართომასშტაბიანი სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის შედეგად, უზრუნველყოფს ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის თანმიმდევრულ გაუმჯობესებას,“ - წერს იოსებ არჩვაძე საკუთარ სოციალურ ქსელში.
0
0