22/03/2023
19:00
ტურიზმი
22 კილომეტრზე გადაჭიმული კავა იჯენის ვულკანური კომპლექსი სამხრეთ ჯავაში, ინდონეზიაში მდებარეობს. ვულკანი მნახველს ღამით საოცარ სანახაობას სთავაზობს, როცა ვულკანიდან ელექტრიკი ლურჯი ფერის ლავა გადმოდის. როგორც ცნობილია, კავა იჯენი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ლურჯი ლავა წარმოიქმნება. თუმცა ამ სილამაზესაც თავისი ფასი აქვს - ლავის მაღალი დონის გოგირდის შემცველობა ჰაერს ტოქსიკურს ხდის და წამლავს ყველას, ვინც ამ ჰაერს ჩაისუნთქავს.
რატომ არის იჯენის ლავა ლურჯი?
ლურჯი ლავის ფენომენი ქვაში გოგირდის ნაპრალებით არის გამოწვეული. როცა ქვა დნება და ლავად იქცევა, მავნებელი ნივთიერები, როგორიცაა გოგირდის დიოქსიდი, თავისუფლდება. გოგირდი ჟანგბადთან შედის რეაქციაში და შედეგად, ლავას ლურჯი შეფერილობას ეძლევა. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩანს, თითქოს ლავა სულ მთლიანად ლურჯია, სინამდვილეში მარტო ლავის ზედაპირია ლურჯი.
ასევე, იჯენის ვულკანის ლავა, დღეც და ღამეც, სულ ლურჯია, უბრალოდ დღის სინათლეში ეს რთული დასანახია. არ გეგონოთ, რომ ღამე რამე სასწაული ხდება.
კავა იჯენის ვულკანური კომპლექსი და მისი თავისებურებები
კავა იჯენის ვულკანური კომპლექსი ერთ დიდ კალდერაში მდებარეობს. კალდერა ვულკანური წარმოშობის ღრმულია, რომელიც ვულკანის ამოფრქვევისა და ჩამონგრევის შედეგად წარმოიქმნება. კალდერას ცენტრში ხშირად ტბა ჩნდება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ კავა იჯენის კომპლექსში 22 - დიახ, 22 - ამოფრქვევის წერტილია.
ტბა ვახსენეთ. იჯენის ვულკანის ცენტრში ულამაზესი ფირუზისფერი ტბაა. მაგრამ, არც ახლაც უნდა მოტყუვდეთ მისი მშვენიერი შესახედაობით. ეს ტბა მსოფლიოში უდიდესი მჟავური ტბაა, რომლის pH 0 უტოლდება (pH სკალა 0-დან 14-მდეა, 0 - ყველაზე ძლიერი მჟავა, 14 - ყველაზე ძლიერი ფუძე). ამ წყალში ცურვა სიცოცხლისთვის საშიშია.
გოგირდის სიუხვის გამო, რასაც ადგილობრივები “ეშმაკის ოქროსაც” უწოდებენ, კომპლექსი ერთ-ერთი იშვიათი გოგირდის მაღაროა, რადგან მაღაროში ადგილობრივები საკუთარი ხელებით და არა მანქანებით ამუშავებენ. როცა ლავა ქვავება, მას აგროვებენ და მრავალი დანიშნულებისთვის იყენებენ - ასანთის დასამზადებლად და შაქრის გასათეთრებლად.
ტურისტები ნიღბებს იყენებენ, მაგრამ მეშახტეებს უმეტესობას აუცილებელი თავდაცვითი აღჭურვილობის ყიდვის შესაძლებლობა არ გააჩნია და პირს მხოლოდ ნაჭრით იფარავს. ამის გამო, მაღაროელებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ და ყველაზე ხშირად სასუნთქი სისტემის დაავადებები ემართებათ.
კავა იჯენის კომპლექსი იმის ბუნების მაგალითია, რომ ლამაზი ზედაპირის ქვეშ, ყოველთვის უვნებელი რამ არ იმალება.
წყარო: IFLscience
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0