25/10/2024
11:22
მსოფლიო
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი 2022 წლის ბოლოდან რეგულარულ კონტაქტზეა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ გამოცემა მოქმედი და ყოფილი ამერიკელი, ევროპელი და რუსი მაღალჩინოსნების წრეებში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების თქმით, მასკსა და პუტინს შორის საუბრები ეხება პირად საკითხებს, ბიზნესსა და გეოპოლიტიკურ დაძაბულობას.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, როგორც ჩანს, მასკის კრემლთან კონტაქტების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის მთავრობისთვის საიდუმლოა. კერძოდ, თეთრი სახლის რამდენიმე მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მათ ამის შესახებ არ იციან.
წყარომ აღნიშნა, რომ ამჟამად მთავრობა დილემის წინაშე დგას, რადგან ძალიან დამოკიდებულია მილიარდერის ტექნოლოგიებზე. „მათ ეს არ მოსწონთ“, – აღნიშნა წყარომ მასკისა და პუტინის კონტაქტებთან დაკავშირებით საუბრისას.
თავის მხრივ, კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლის ერთადერთი კონტაქტი მასკთან სატელეფონო ზარი იყო, რომლის დროსაც მან და პუტინმა განიხილეს „კოსმოსი და მომავალი ტექნოლოგიები“. მან ასევე აღნიშნა, რომ არც პუტინი და არც კრემლის ოფიციალური პირები არ აწარმოებენ რეგულარულ საუბრებს მასკთან. იგივე ინფორმაცია დაადასტურა მასკმა 2022 წელს.
აღსანიშნავია, რომ წელს მასკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი მხარდამჭერი გახდა და მისი გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ადმინისტრაციაში თანამდებობა მიიღოს.
0
0