01/10/2024
16:43
მსოფლიო
იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, შიგერუ იშიბა იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შიგერუ იშიბა დღეს მინისტრთა ახალ კაბინეტს წარადგენს, მოგვიანებით კი იმპერატორი ოფიციალურად დანიშნავს მას და მის კაბინეტს ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში გამართულ ცერემონიაზე.
შიგერუ იშიბამ გუშინ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა.
„მნიშვნელოვანია, ახალმა მთავრობამ რაც შეიძლება მალე მოისმინოს ხალხის განაჩენი“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
იაპონიაში ვადამდელი არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე, 27 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
67 წლის შიგერუ იშიბა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარედ 27 სექტემბერს აირჩიეს. წარსულში მას რამდენიმე სამთავრობო თანამდებობა ეკავა, მათ შორის თავდაცვის მინისტრის 2007-2008 წლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 - 2009 წლებში და მოსახლეობის კლებასთან ბრძოლისა და ადგილობრივი ეკონომიკის აღორძინების მინისტრის 2014-2016 წლებში.
შეგახსენებთ, ფუმიო კიშიდამ იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა. ის ქვეყნის მთავრობას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
0
0