03/10/2024
12:46
არჩევნები 2024
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ”, შემოწირულებების სახით, 11, 293,166 ლარი მიიღო, მათ შორის, 2, 088,500 ლარი აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დაადგინა, რომ შემწირველ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556,090,031 ლარზე მეტი და 3,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სამშენებლო ნებართვები მიიღეს.
„ვინ წირავს „ქართულ ოცნებას” ფულს აჭარიდან?
გიორგი ჭყონია - „ქართული ოცნების” დელეგატი, ბიზნესმენი. გიორგი ჭყონია 20 კომპანიაში ფლობს წილებს. მან, პარტნიორებთან და კომპანიებთან დაკავშირებული პირების მეშვეობით, მმართველ პარტიას 2024 წელს 124,000 ლარი შესწირა.
ჭყონიას კომპანიებმა ბოლო 12 წელიწადში სახელმწიფო შესყიდვებიდან 457 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, მათ შორის 300 მილიონამდე ლარი უკონკურენტო, კონკურენტების დისკვალიფიკაციის და გამარტივებული შესყიდვების პირობებში. ჭყონიას კომპანიებმა 100,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მშენებლობის ნებართვა მიიღეს, მათ შორისაა როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართები. ჯამში „ქართულმა ოცნებამ” ჭყონიასგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან 1,500,000 ლარზე მეტი მიიღო.
შპს „ნოვა” - „ქართული ოცნების” მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტართან და ამჟამად დელეგატთან, ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული კომპანია „ნოვას” მფლობელებმა, რამაზ და ემზარ ირემაძეებმა, ჯემალ ანთაძემ, ზვიად აბულაძემ და ჯემალ ბოლქვაძემ მმართველ პარტიას 2024 წელს 282,000 ლარი შესწირეს. კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,000,000 ლარი აქვს მიღებული, მათ შორის 5 მილიონ ლარზე მეტი - გამარტივებული შესყიდვებიდან. ზემოთ დასახელებულმა პირებმა მმართველ პარტიას ჯამში 582,000 ლარი გადაურიცხეს.
„ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” - „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამასთან და ბიძასთან ნუკრი და მერაბ დოლიძეებთან დაკავშირებული კომპანიებიდან „ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” მმართველმა პარტიამ 2024 წელს 155,000 ლარი მიიღო. ორივე კომპანია ლიდერობს ბათუმის ყველაზე მსხვილი მხარჯავი მუნიციპალური ორგანიზაციის - ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, ასევე, აჭარის გზების დეპარტამენტის შესყიდვებში: ორივეს მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2013-2024 წლებში, ჯამურად 195,000,000 ლარს მიაღწია. დოლიძეების საკუთრებაშია ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე სამშენებლო პროექტიც. სულ დოლიძეების საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა 65,000 კვადრატული მეტრი კომერციული და საცხოვრებელი ფართების მშენებლობის ნებართვა მიიღეს. ჯამში ორივე კომპანიის მეწილეებისგან მმართველმა პარტიამ 435,000 ლარი მიიღო.
„ალიანს ჯგუფი” - ბათუმში მოქმედი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიების „ალიანსის”, „ალიანს პრივილიჯის”, „ალიანს ვილა დეველოპმენტის” მეწილეებმა და მმართველებმა: ბესიკ ჟღენტმა, დავით ბალაძემ, თემურ ბიწაძემ და ნიკოლოზ თევზაძემ „ქართულმა ოცნებას” 2024 წელს 211,000 ლარი შეწირეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში მათ მმართველი პარტიის სალაროში ჯამში 905,000 ლარი გადარიცხეს.
„ალიანს ჯგუფის” სამშენებლო პროექტები 2,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი კომერციული და საცხოვრებელი ფართების მშენებლობას მოიცავს. დავით ბალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სიძეა.
ძმები დუმბაძეები - ბათუმში, სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ” შეწირულების სახით, 2024 წელს 230,000 ლარი მიიღო. ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში, მმართველმა პარტიამ ამ ბიზნესჯგუფისგან 965,000 ათასი ლარი მიიღო.
ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის ბიზნესმენი შვილი და მისი პარტნიორები - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილმა, კობა ფუტკარაძემ, პარტნიორებთან: ჯუმბერ ზოიძესთან, ჯიმშერ ზოიძესთან, თამაზ ბექაიასთან და ლევან ხიმშიაშვილთან ერთად, მმართველ პარტიას 2024 წელს 160,000 ლარი შესწირა. მათთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ჯამში, დასახელებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” 435,000 ლარი შესწირეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024