16/12/2022
18:01
სამართალი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.
„2016 წლის 27 იანვარს, ჩემმა ოფისმა დაიწყო გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით. გამოძიების დაწყებიდან, ჩემმა ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც დაკავშირებულია შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთან. გამოძიება მიმდინარეობდა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად, გადარჩენილ პირებთან პარტნიორობით, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და შესაბამის ხელისუფლებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობით.
30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
ბრალდება, რომელიც მე წამოვაყენე და, რომლის დაკავების ორდერი გამოიცა, კონკრეტულად ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ შემდგომში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო პატიმრობას, წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მათ მძევლად აყვანას და უკანონო გადაყვანას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს დანაშაულები წარმოადგენს კრიმინალის უფრო ფართო ფორმას, რომელიც მოიცავდა ქართული სოფლებისა და სახლების ფართომასშტაბიან ძარცვასა და ნგრევას და ცხინვალის რეგიონის ქართველი მოსახლეობის შინ დაბრუნების უფლების უარყოფას.
გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის ვიაჩესლავ ბორისოვისა და საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის (ამჟამად გარდაცვლილია) სავარაუდო ბრალი ზოგიერთ ამ დანაშაულთა ჩადენაში.
დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით, საქართველოს შემთხვევაში, სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, შესაბამისად, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა.
„ჩემი ოფისი საქართველოსთან დაკავშირებით მუშაობას გააგრძელებს და ძალისხმევას მიმართავს დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად.
ჩვენ ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ სასამართლო პროცესის მზადყოფნა და შევინარჩუნოთ მტკიცებულებები. ეს ინტენსიური თანამშრომლობა მოიცავს ჩემი ოფისის ძალისხმევას, გაუზიაროს მტკიცებულებები საქართველოს ხელისუფლებას და ხელი შეუწყოს მისთვის ინფორმაციის გადაცემას, ასევე თანამშრომლობას ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენებაში და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროკურატურის სტრატეგიები, ინფორმაციის მართვა და მოწმეთა დაცვა.
ასევე ჩემი ოფისი მზად არის გააგრძელოს მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან, გადარჩენილ პირებთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანის შესრულებაში“, - აღნიშნა კარიმ ასად ახმად ხანმა.
0
0