14/07/2022
15:10
მსოფლიო
40-ზე მეტი ქვეყანა ავრცელებს ერთობლივ განცხადებას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის შესახებ.
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინამ, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის საფუძველზე, მიმართა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც 16 მარტს გამოსცა დროებითი ღონისძიება და რუსეთის ფედერაციას უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალა.
ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი სახელმწიფოები და ევროკავშირი რუსეთს დაჟინებით მოუწოდებენ, შეასრულოს დროებითი ზომების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულოა დავის მხარეებისთვის.
„სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის ბრძანების შეუსრულებლობა წარმოადგენს რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შემდგომ დარღვევას… ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით უკრაინის ძალისხმევას, უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და სასამართლოს შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნდამენტური ფუნქცია, დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობით“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენოციდის კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოს და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ინტერესშია, რომ არ მოხდეს კონვენციის ბოროტად გამოყენება.
„სწორედ ამიტომ, წინამდებარე დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის კონვენციის მხარეები, აპირებენ ჩაერიონ ამ პროცესებში. ამ საქმეში წამოჭრილი სერიოზული კითხვების გათვალისწინებით და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შორსმიმავალი შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა შეძლონ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გაუზიარონ ზოგიერთი არსებითი დებულების თავიანთი ინტერპრეტაცია. რუსეთი პასუხისმგებელია მის ქმედებებზე. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა წარმოადგენს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას, და რომ დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო რეპარაციას. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიკვლიოს ყველა ვარიანტი, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას სასამართლოს წინაშე მის წარმოებაში“, — ნათქვამია განცხადენაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:
ალბანეთი
ანდორა
ავსტრალია
ავსტრია
ბელგია
ბულგარეთი
კანადა
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთი
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
გერმანია
საბერძნეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
იაპონია
ლატვია
ლიეტუვა
ლუქსემბურგი
მალტა
მარშალის კუნძულები
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ახალი ზელანდია
ჩრდილოეთ მაკედონია
ნორვეგია
პალაუ
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
სან მარინო
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
გაერთიანებული სამეფო
აშშ
ევროკავშირი
განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არ არის საქართველო, რომელმაც მანამდე, 40-მდე ქვეყანასთან ერთად, მიმართა ჰააგაში მდებარე კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით.
უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილი აქვს ჰააგაში როგორც გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC).
0
0