24/08/2024
11:25
კულტურა
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი (გოგი) ცაბაძის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა.
გიორგი (გოგი) ცაბაძე საკომპოზიციო ხელოვნებას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაეუფლა პროფესორების - ს. ბახუნდარიანისა და ი. ტუსკიას ხელმძღვანელობით.
1956-75 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის საესტრადო განყოფილების გამგე, 1976-1986 წლებში - საცირკო-საესტრადო სასწავლებლის პედაგოგი, მოგვიანებით კი - საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის მუსიკალურ გადაცემათა რედაქტორ-კონსულტანტი.
გიორგი ცაბაძის შემოქმედება მუსიკალური ხელოვნების მნიშვნელოვან ჟანრებს მოიცავს. მან შექმნა ოპერეტები, მათ შორის: „მეტეხის ჩრდილში“ (ლიბრეტოს ავტორი ო. მამფორია), „სიმღერა სიყვარულზე“ (ლიბრეტოს ავტორი ჰ. აროშიძე), „ბრწყინვალე მომავალი“, „ტრფობის ბადეში“ (ლიბრეტოს ავტორი დ. კეჟერაძე), „ჩვენი ნაცნობები“ (ლიბრეტოს ავტორი ლ. ჭუბაბრია), „მირანდოლინა“ (ლიბრეტოს ავტორები პ. გრუზინსკი, კ. სურმავა), „კურკას ქორწილი“ (მ. ჯავახიშვილის მიხედვით; ლიბრეტოს ავტორი მ. თარხნიშვილი), „იეთიმ გურჯი“ (ლიბრეტოს ავტორი მ. თარხნიშვილი), „შესანიშნავი სამეული“ (ლიბრეტოს ავტორი ნ. ხუნწარია). „შესანიშნავი სამეული“ პირველი ქართული ოპერეტაა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიდგა.
გიორგი ცაბაძემ შექმნა მიუზიკლები: „ჩემი შეშლილი ძმა“ (ლიბრეტოს ავტორი ე. შატუნოვსკი), „მიყვარს ჩემი ქუჩა“ (ლიბრეტოს ავტორი ლ. ჭუბაბრია), „იტალიური რომანი“ (ლიბრეტოს ავტორი ე. შატუნოვსკი) და სხვა.
კომპოზიტორს ქართველი მსმენელის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება მოუტანა ქალაქურმა საესტრადო სიმღერებმა, რომელთა შორის არის: „ჩვენო თბილის-ქალაქო“, „პატარა ბალადა“, „თოვლის ფანტელი“, „სადაც გინდა, იქ ილოცე“, „თეთრო მტრედო“, „ჩემი საქართველო აქ არის“, „მეფაიტონე“, „პაწაწინა სამოთხე“, „სიყვარული დაფრინავს“ და სხვა. იგი თანამშრომლობდა ქართული ესტრადის არაერთ ცნობილ წარმომადგენელთან.
გიორგი ცაბაძემ შექმნა მუსიკა პირველი ქართული კინომიუზიკლისათვის „ვერის უბნის მელოდიები“ (რეჟისორი გ. შენგელაია), ცნობილი კინოფილმებისათვის: „მხიარული რომანი“ (რეჟისორი ლ. ხოტივარი), „მოიტაცეს თამარ-ქალი“ (რეჟისორი ლ გორდელაძე) და სხვა.
გიორგი ცაბაძე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; დაჯილდოებული იყო ხალხთა მეგობრობისა და საპატიო ნიშნის ორდენებით. თბილისში, გორსა და თელავში არის მისი სახელობის ქუჩები.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 18 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება გიორგი (გოგი) ცაბაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული გალაკონცერტი. აჟღერდება გიორგი (გოგი) ცაბაძის მიერ თეატრისა და კინოსთვის შექმნილი მისიკა. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე მაყურებელი იხილავს ნაწყვეტებსა და მუსიკალურ ნომრებს ყველასათვის საყვარელი სპექტაკლებიდან და ფილმებიდან. ასევე, აჟღერდება გიორგი ცაბაძის არაერთი ჰიტი. პროექტის სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელია დავით მაზანაშვილი, სცენარის ავტორი და წამყვანი - ნიკოლოზ წულუკიძე.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გიორგი (გოგი) ცაბაძის უდიდეს ღვაწლს, რომელიც მან დასდო ქართული კულტურისა და მუსიკალური ხელოვნების განვითარებას.
0
0