15/05/2023
00:27
სპორტი
ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ესპანური კლუბები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მალაგის „უნიკახა“ დაამარცხა – 84:79.
საქართველოს ნაკრების ცენტრი სარგებლიანობის კოეფიციენტით თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო – 17. მისი სრული სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 26 წუთი, 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
შერმადინის მსგავსად 12 ქულა ჰქონდა „ტენერიფეს“ უკანახაზელ ჰაიმე ფერნანდესს. მატჩის ბომბარდირი კი უნიკახელი კედრიკ პერი გახდა – 22 ქულა.
ასე და ამგვარად, „ტენერიფე“ ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგას მედლით ამთავრებს: 2022 წელს ჩემპიონობა მოიპოვა, ამჯერად – მესამე ადგილი.
2022-23 წლების სეზონის ფინალში კი, ერთმანეთს გერმანული „ბონი“ და იერუსალიმის „ჰაპოელი“ დაუპირისპირდნენ. გაიმარჯვა „ბონმა“ – 77:70.
0
0