20/04/2024
11:36
კულტურა
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ (WHO) კინოფესტივალის Health for All მე-5 გამოშვების ფინალისტ ფილმებს შორის გიორგი მრევლიშვილის ფილმი „ფიქრია“ შეარჩია, რომლის პროდიუსერიც MAC Georgia გახლავთ.
ფილმის წარმატების ამბავს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „MAC Georgia“ -ია ავრცელებს.
„ფიქრია“ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ლიდერზე, ფიქრია ბარამიძეზე. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები MAC Georgia-ს ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი ფიქრიას გამძლეობასა და თავდადებაზე მოგვითხრობს, რომელიც ძალას არ იშურებს შშმ ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
110 ქვეყნიდან შემოსულ 940 ნამუშევარს შორის „ფიქრია“ უდაოდ ძლიერი ნარატივისა და გზავნილის წყალობით შეირჩა. ფილმი 60 გამორჩეულ ნამუშევარს შორის მოხვდა, რომლებიც შემდეგ კატეგორიებად იყოფა: ჯანმრთელობის მედიაგაშუქება; გადაუდებელი შემთხვევები, ლტოლვილთა და მიგრანტთა ჯანმრთელობა, უკეთესი ჯანმრთელობა, ფიზიკური აქტივობა და ძალიან მოკლემეტრაჟიანი ფილმები. პრესტიჟულ საერთაშორისო ჟიურის ისეთი ცნობილი ხელოვანები და პროფესიონალები წარმოადგენენ, როგორებიც არიან შერონ სტოუნი, ალფონსო ჰერერა, ნანდიტა დას და კინორეჟისორი აპოლინ ტრაორე. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს სამ გრანპრისა და ოთხ სპეციალურ პრიზს 26 მაისს, დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ჟენევაში 77-ე ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე გაიმართება.კინოფესტივალი 2020 წელს დაარსდა და ამ დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც გლობალური ჯანდაცვის ადვოკატირების პლატფორმა, რომელშიც მონაწილეობენ პაციენტები, ჯანდაცვის მუშაკები, აქტივისტები, სტუდენტები და პროფესიონალი რეჟისორები მთელი მსოფლიოდან.
0
0