02/02/2024
15:03
სპორტი
ინგლისის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის კლუბმა „ოუტფორდმა“, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე იჯარით თამაშობდა, მასთან ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.
ჩაკვეტაძის სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა ბელგიურ „გენტს“, რომლის საკუთრება იყო ქართველი ფეხბურთელი, 2,5 მლნ ევრო გადაიხადა.
„უზომოდ ბედნიერი ვარ "უოტფორდთან" სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების გამო. ყველაფერს მივეჩვიე აქ - თანაგუნდელებს, პერსონალს, ჩვენს ბრწყინვალე გულშემატკივარს... აქ ყველაფერი მომწონს - საქმისადმი მიდგომა, მაღალი პროფესიონალიზმი. იდეალური გარემოა იმისთვის, რომ განვითარდე და ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღო“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
„უოტფორდი“ ამჟამად ინგლისის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მე-9 პოზიციაზეა. ამასთანავე, კლუბი პრემიერ ლიგაში გადასვლის იმედებს არ კარგავს. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მან ტრავმის შემდეგ ჩვეული ფორმა აღადგინა და კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.
0
0