25/10/2023
13:53
კულტურა
კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად „ევრიმაჟსა“ და ჩრდილოეთ ამერიკაში გიგა აგლაძე დაინიშნა.
კინოცენტრის ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე კონკურსი მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გამოცხადდა.
კინოცენტრი ავრცელებს გიგა აგლაძის ბიოგრაფიასაც და წერს, რომ მას აქვს აუდიოვიზუალურ სექტორში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება. როგორც სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი სხვადასხვა კომპანიაში ქმნიდა მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და მრავალსერიიან მხატვრულ ფილმებს, სარეკლამო პროდუქციასა და სატელევიზიო გადაცემებს. აქვს საზღვარგარეთ კინოწარმოების გამოცდილება.
გიგა აგლაძე 2017 წელს გახდა ამერიკელი კინორეჟისორ დევიდ ლინჩის, ადგილობრივი პარტნიორი და დააარსა ფონდი David Lynch Foundation Caucasus-ი (DLFC), რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ჰოლივუდის ერთობლივი კინემატოგრაფიული პროექტების განხორციელებას.
გიგა აგლაძე არის დამდგმელი რეჟისორი და პროდიუსერი ფილმებისა: „საზღვარზე“, „ჰენესი. შვიდი თაობა“, „ჰენრი“ (სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი), „მაისის 47-ე დღე“ (სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი). აგლაძემ 2019 წელს გადაიღო საავტორო ფილმი „სხვა მე“, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერია დევიდ ლინჩი.
გიგა აგლაძემდე ევრიმაჟში კინოცენტრის წარმომადგენელი იყო რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში, რეორგანიზაციის ფონზე, ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
0
0