21/11/2024
12:44
მსოფლიო
გერმანიაში ირანის სამივე საკონსულო დაიხურა. კერძოდ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში სააგენტო Dpa-ს განუცხადეს, მიმდინარე კვირის დასაწყისიდან საზოგადოებისთვის დაიხურა ირანის საკონსულოები ჰამბურგში, მიუნხენსა და ფრანკფურტში.
ბერლინში ირანის საელჩო მუშაობას აგრძელებს და საკონსულო მომსახურებას გაუწევს გერმანიაში მცხოვრებ 300 ათასს ირანელს.
გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში ირანის საკონსულოების დახურვის განკარგულება გასცა სამი კვირის წინ, გერმანიისა და ირანის მოქალაქეობის მქონე ჯამშიდ შარმაჰდის სიკვდილით დასჯის საპასუხოდ. ირანის სასამართლო სისტემამ შარმაჰდის სიკვდილით დასჯის შესახებ 28 ოქტომბრეს გამოაცხადა.
მას სასიკვდილო განაჩენი ირანის სასამართლომ 2023 წლის გაზაფხულზე გამოუტანა ტერორიზმის ბრალდებით. გერმანიის მთავრობა, ბრალდებულის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდნენ.
თეირანში დაბადებული შარმაჰდი, 7 წლის ასაკიდან გერმანიაში ცხოვრობდა. 2023 წელს ის კალიფორნიაში გადავიდა, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა ირანულ მონარქისტულ ოპოზიციურ ჯგუფში „ტონდარი“. აღნიშნულ ორგანიზაციას ირანის ხელისუფლება 2008 წელს შირაზში თავდასხმის მოწყობაში ადანაშაულებს.
0
0