03/06/2024
16:34
სამართალი
მან 42 წელი გისოსებს მიღმა გაატარა - საპატიმროს დატოვების შემდეგ კი ისევ დანაშაული ჩაიდინა.
ეს იური სპარიხინის ისტორიაა, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა, უფრო მეტი გააუპატიურა და დაკავების დროს ციხის დაცვას თავს დაესხა.
იური სპარიხინი დაიბადა 1963 წლის 14 მარტს, ბათუმში. 1973 წელს სპარიხინის ოჯახმა დატოვა საქართველო და გადავიდა ნოვოროსიისკში. მისი მშობლები კანონმორჩილი და პატივსაცემი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ზრუნავდნენ შვილებზე.
იურის უცნაური ქცევები ბავშვობის ასაკშივე გამოუვლინდა. აწამებდა ცხოველებს. ის და მისი უფროსი ძმა ბორისი სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა იური კარგი შეფასებით არ გამოირჩეოდა. ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და ქუჩაში კრიმინალებთან ატარებდა დროს. როგორც მისი ნათესავები იხსენებენ, სკოლის პერიოდში , თანატოლები ხშირად თავს ესხმოდნენ და აბულინგებდნენ, მეშვიდე კლასის შემდეგ კი, იურიმ სწავლა მიატოვა.
პირველი მკვლელობა და პატიმრობა
1977 წელს 14 წლის სპარიხინი ქურდობისთვის დააპატიმრეს და მხოლოდ სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ნოვოროსიისკში დაბრუნდა. 1980 წელს გათავისუფლებიდან რამდენიმე კვირაში მან პირველი მკვლელობა ჩაიდინა. მოკლა მეზობელი გოგო. მკვლელობის დღეს, 17 წლის სპარიხინმა შეიტყო, რომ გოგონა საღამოს სამეჯლისო დარბაზში კონცერტზე დასწრებას აპირებდა. სპარიხინი მას მთელი საღამო უთვალთვალებდა, ხალხისგან იზოლირებულ ადგილზე იური გოგონას თავს დაესხა, გააუპატიურა და სასტიკად სცემა. ცხედარს თავში მძიმე ტრავმები ჰქონდა მიყენებული.
ამის შემდეგ, სპარიხინმა ყველა შემდგომი მკვლელობა, დაახლოებით, მსგავსად ჩაიდინა. იური მალევე დააკავეს. თუმცა, რადგან იგი არასრულწლოვანი იყო, თავიდან აიცილა სიკვდილით დასჯა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც იმ დროისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი იყო.
სასჯელის მოხდის დროს, სპარიხინმა მონაწილეობა მიიღო ციხის მაღაზიის ძარცვაში 1986 წელს, რისთვისაც იგი გაასამართლეს და დამატებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის გაათავისუფლეს 1996 წელს. იმავე წლის ზაფხულში, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას მან პარკში გოგონა გააუპატიურა. ამის შემდეგ ის თავს დაესხა პოლიციელს, რომელიც მის დაკავებას ცდილობდა და მას თავის არეში დაზიანება მიაყენა. ამჯერად, სპარიხინს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
პირველი გათავისუფლება და მკვლელობები
სასჯელის მოხდის შემდეგ, სპარიხინი გაათავისუფლეს 2000 წლის დასაწყისში. ის დაბრუნდა დედის სახლში, ნოვოროსიისკში. იმავე ზაფხულს, ის დასასვენებლად გაემგზავრა რეკრეაციულ ცენტრში , სადაც მისი უფროსი ძმა მუშაობდა. იქ ჩასვლიდან რამდენიმე დღეში მან გააუპატიურა და სცემა ორი არასრულწლოვანი გოგონა. დაკავების შემდეგ სპარიხინმა განაცხადა, რომ ის უდანაშაულო იყო და ამის ნაცვლად ბრალი დასდო თავის ძმას ბორისს, რომელიც მის მსგავსად ყოფილი მსჯავრდებული იყო. მიუხედავად ამისა, იური ამ დანაშაულისთვის 2001 წელს გაასამართლეს და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მეორე გათავისუფლება და გაუპატიურება
სასჯელის მოხდის შემდეგ, სპარიხინი კვლავ გაათავისუფლეს ციხიდან 2020 წლის 19 ივნისს, რის შემდეგაც ის დაბრუნდა ნოვოროსიისკში. იმ დროისთვის, მისი ორივე მშობელი გარდაცვლილი იყო, მისი ძმა კი მოკლული იყო ბარში ჩხუბის დროს, ამიტომ, სპარიხინი ბიძაშვილთან გადავიდა საცხოვრებლად და ქალაქის ადგილობრივ კომპანიაში დასაქმდა. ცოტა ხნის შემდეგ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა.
აგვისტოს, ქუჩაში სეირნობისას სპარიხინმა შენიშნა 34 წლის ქალი, რომელიც მანქანაში ჯდებოდა. იური მას უკნიდან მიეპარა, დანა ყელზე მიადო და ერთ-ერთ სოფელში წაყვანა სთხოვა. სოფელში ჩასვლის შემდეგ იურიმ ქალი გააუპატიურა და ქალაქში დაბრუნება მოსთხოვა. გზად მან ქალს მანქანა უკაცრიელ ადგილას გააჩერებინა და კიდევ ერთხელ გააუპატიურა. გატაცებულმა ქალმა ერთ ქუჩაზე მოძრაობის წესები განზრახ დაარღვია, რის შემდეგაც მათ საპატრულო მანქანა დაედევნათ. სპარიხინმა ქალს მანქანა გააჩერებინა და გაიქცა, თუმცა ის მალევე დაიჭირეს.
გაქცევა და საბოლოო მკვლელობა
დაკავებიდან სამი დღის შემდეგ, სპარიხინი სასამართლოში მიიყვანეს, მაგრამ სხდომის დამთავრების შემდეგ მან გაქცევა მოახერხა. ის გაიქცა კრასნოდარში. სწორედ ამ გაქცევის შემდეგ ჰყავდა მას ბოლო მსხვერპლი. მან 20 აგვისტოს ერთ-ერთ ქალს მანქანით წაყვანა მოსთხოვა, ადგილზე მისვლის შემდეგ კი გააუპატიურა და მოკლა.
სამი დღის შემდეგ, სპარიხინი, რომელიც მსხვერპლისთვის მოპარულ მანქანას მართავდა, პოლიციის ადევნების შემდეგ თხრილში ჩავარდა, რა დროსაც დააკავეს.
2021 წელს, კრასნოდარის მხარის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობა
2021 წლის ივნისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას, საკანში ნაპოვნი მავთულით თავს დაესხა ორ დაცვას. განიარაღების შემდეგ, სპარიხინს ბრალი წაუყენეს თავდასხმაში.
2022 წლის 27 მაისს 59 წლის სპარიხინს საბოლოოდ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.
“პრაიმტაიმი”
0
0