13/08/2024
20:37
კულტურა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების შესაძლო დაზიანების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს.
მუზეუმი განმარტავს, რომ მწერების მიერ ნამუშევრების დაზიანების საფრთხე დაუყოვნებლივ განეიტრალდა და ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან უმასპინძლებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს, თითქოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აღმოჩენილი მწერების გამო, ფიროსმანისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრებს საფრთხე ემუქრება.
საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები - საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა.
აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება.
ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან ჩვეული განრიგით უმასპინძლებს და დამთვალიერებელი იხილავს სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0