18/07/2022
11:28
მსოფლიო
განაში მომაკვდინებელი ინფექციური დაავადების - მარბურგის ვირუსის - პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე პაციენტი სამხრეთ აშანტის რეგიონში მდებარე საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
დასავლეთ აფრიკის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამჟამად 98 ადამიანი, როგორც ვირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტის შემთხვევა, კარანტინში იმყოფება.
მარბურგის ვირუსი ებოლა ვირუსის მსგავსია, რომელიც იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას - დაავადებას, რომელსაც ახსიათებს მძიე სისხლდენა(ჰემორაგია), ორგანოების უკმარისობა და ხშირ შემთხვევაში - სიკვდილი.
მარბურგის ვირუსი ჯერჯერობით არ იკურნება - თუმცა მედიკოსების თქმით, დიდი რაოდენობის წყლის დალევა და კონკრეტული სიმპტომების მკურნალობა პაციენტის გადარჩენის შანსებს ზრდის.
ადამიანებს ვირუსი დაინფიცირებული ცხოველისგან გადაეცემათ. შემდეგ კი, ვირუსს შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს ორგანიზმის სითხეებისა და დაბინძურებული ნემსების საშუალებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აფრიკის კონტინენტზე, მარბურგის ვირუსის წინა აფეთქებები და სპორადიული შემთხვევები ანგოლაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კენიაში, სამხრეთ აფრიკასა და უგანდაში დაფიქსირდა. მარბურგის ვირუსის არსებობის ისტორიაში მისი პირველი აფეთქება გერმანიაში 1967 წელს იყო, სადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. ვირუსმა 2005 წელს ანგოლაში 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
0
0