29/06/2022
13:32
მსოფლიო
მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის გამოქვაბულებში ადრეული ადამიანების ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც 3,4-3,6 მილიონი წლისწინანდელია - ისინი მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე მკვლევარები ფიქრობდნენ, რაც ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ მოსაზრებას ცვლის. ნაშთები, მათ შორის ერთი, რომელიც უძველესი წარმოშობის ქალს, „ქალბატონ პლესს“ ეკუთვნოდა, გამოქვაბულში ათასწლეულების განმავლობაში იყო დამარხული.
მკვლევარებმა სტერკფონტეინის გამოქვაბულებში (რომლებიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - კაცობრიობის აკვნის - ნაწილია, და იოჰანესბურგის ჩრდილო-დასავლეთით 50 კმ-ში მდებარეობს) ნაპოვნი ნამარხის წარმოშობის დასათარიღებლად ახალი ტექნიკა გამოიყენეს. როგორც კვლევის წამყვანმა ავტორმა, პერდუს უნივერსიტეტის მეცნიერებათა კოლეჯის დედამიწის, ატმოსფეროსა და პლანეტარული მეცნიერებების პროფესორმა დერილ გრეინჯერმა განაცხადა, გამოქვაბულების ზედაპირის დანალექის დათარიღებისთვის გამოიყენა მეთოდი, რომელიც მან პირველად 90-იანი წლების შუა პერიოდში შეიმუშავა. გრეინჯერი მუშაობს კოსმოგენური ნუკლიდების საშუალებით, მისი თქმით, ”ისინი ძალიან იშვიათი რადიოაქტიური ნაწილაკებია, რომლებსაც კოსმოსური სხივები წარმოქმნის მინერალური მარცვლების შიგნით.”
„თუმცა ძნელია ამ ნამარხის წარმოშობის ზუსტი თარიღის დადგენა. მკვლევარებმა დაათვალიერეს მათ მახლობლად ნაპოვნი ცხოველების ნაშთები, რომლებიც გამოქვაბულის ასაკობრივ მახასიათებლებს შეადარეს და სხვადასხვა თარიღის სპექტრი მიიღეს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აბალანსებს, რაც გვიჩვენებს, რომ ეს ნამარხი ბევრად უფრო ძველია, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა."
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გამოქვაბულის ზედაპირის ყველა დანალექი, მათ შორის ავსტრალოპითეკის (გადაშენებული ჰომინიდური სახეობა, რომელიც დედამიწაზე 3,9-2,9 მილიონი წლის წინ სახლობდა) ნამარხი, 3,4-3,6 მილიონი წლით თარიღდება, რაც ნიშნავს, რომ ისინი ავსტრალოპითეკის ეპოქის დასაწყისამდე არსებობდნენ და არა ეპოქის დასასრულს.
გრეინჯერმა და მისმა გუნდმა შეისწავლეს ბრეჩია, ბეტონის მსგავსი ნივთიერება, რომელიც ნამარხით არის დაფარული. მკვლევარებმა ასევე შეადგინეს გამოქვაბულების ზედაპირების დანალექის რუქები და დაადგინეს, თუ როგორ აირია ზოგიერთი მათგანი ერთმანეთში 1930-იან და 1940-იან წლებში ჩატარებული გათხრების დროს.
”ამ მეთოდის გამოყენებით, სამომავლოდ ჩვენ შეგვიძლია უფრო ზუსტად გამოვთვალოთ უძველესი ადამიანების ასაკი აფრიკასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში,” - თქვა გრეინჯერმა.
0
0