20/01/2022
14:04
საზოგადოება
სოციალურმა აგენტებმა მუშაობა ერთი კვირის წინ შეწყვიტეს და გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაორმაგებას მოითხოვენ. ამ ეტაპზე სოციალური სერვისების მიღება მოქალაქეებისთვის ვერ ხერხდება.
"დღეს კანცელარიასთან იმიტომ მოვედით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არავინ გამოგვეხმაურა, არავინ არ ინება ჩვენთან შეხვედრა - არც ჩვენმა უშუალო დირექტორმა, არც მინისტრის მოადგილემ. დაგვტოვა აბსოლუტურად უყურადღებოდ, არ მოგვისმინა, ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ისევ დაუკმაყოფილებელია ჩვენი ბაზისური უფლებები, არანაირ გამოხმაურებას არ აკეთებენ ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ჯანდაცვის დაზღვევაზე. ვითხოვთ გაუფასურებული ლარის კურსით 2007 წელს გაყინული ხელფასის 100%-იან ზრდას.". - ამბობს ერთ-ერთი სოციალური აგენტი ტელეკომპანია პირველთან ინტევიუში.
16 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც სოციალურ აგენტებს ანაზღაურება 2021 წლის თებერვლიდან გაეზრდებათ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1 000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.
0
0