24/10/2024
12:05
მსოფლიო
რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით, ანუ დაახლოებით მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა, ფლორენს ბაუერმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, კლება განპირობებულია ლტოლვილების დიდი რაოდენობით, შობადობის შემცირებით და ომში დაღუპულებით.
როგორც ბაუერმა აღნიშნა, რუსეთის ინტერვენციამ უკრაინაში არსებული ისედაც რთული დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.
„შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა და ამჟამად შეადგენს ერთ ბავშვს ერთ ქალზე, რაც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, – განაცხადა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა.
მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად შობადობის მაჩვენებელი ერთ ქალზე 2,1 ბავშვს უნდა შეადგენდეს.
2021 წლის მონაცემებით, ანუ რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონს შეადგენდა.
ბაუერის თქმით, უკრაინის მოსახლეობაზე ომის გავლენის ზუსტი შეფასება შესაძლებელი იქნება კონფლიქტის დასრულების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობის სრული აღწერის ჩატარება.
0
0