04/11/2024
17:38
პოლიტიკა
ბოლო დროს მისი სახელს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხშირად ახსენებენ.
"სხვათა შორის, თენგო ვინ არის, იცით? კალანდარიშვილთან ერთად პრეზიდენტს ჰყავდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის წარმოდგენილი, თენგიზ თევზაძეა ეს ადამიანი. ბევრს აინტერესებს, წერდნენ კომენტარებს, გაგვაგებინეთ ვინ არისო. ეს ადამიანი არის მათი მთავარი მცოდნე საარჩევნო ამბების" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ. მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემაც არაერთხელ ახსენა თენგოს თევზაძის სახელი.
მოკლედ, "კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი თენგო თევზაძე "ქართული ოცნების“ მხრიდან მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც არჩევნების გაყალბების "ოცნების“ სქემაზე და კარუსელზე დაიწყო საუბარი.
ვინ არის, როგორ მოხვდა პოლიტიკოსი და რას ფიქრობს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე? - ამ თემებზე ambebi.ge - ს თენგო თევზაძე ესაუბრება:
- ძალიან პოპულარული გახდით... რას უკავშირებთ ამას და რა ხასიათზე დგებით, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასე ხშირად რომ გახსენებენ?
- ზუსტად ვიცი, რატომაც აკეთებენ ამას, იმისთვის, რომ მშვენივრად იციან, პირველი ვიყავი, ვინც მიაგნო სისტემას, რაზეც ახლაც თითქოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების სქემას უწოდებენ. ჩემთვის ეს სასიამოვნოა იმ ნაწილში, რომ ჩვენ სწრაფად გავშიფრეთ ეს სისტემა, ვიდრე სხვა ქვეყნებში გაიშიფრა და ამისთვის აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. რაც შეეხება იმას, "თენგომაც ვერ უთხრა“ ვიღაცას რაღაცა, ეს ჩემთვის სულაც არაა მნიშვნელოვანი და არანაირ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ ვგრძნობ, თან იმ ადამიანების მხრიდან, ვინც წერა-კითხვა 25 წლის ასაკში ისწავლა. კალაძემ და მდინარაძემ რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ მე მაგ მიმართულებით რამე დამიშავონ.
- ანუ რა სისტემაზე საუბრობთ?
- ვამბობთ, რომ ეს იყო ტექნოლოგიების გამოყენებით კარუსელი, რითაც "ოცნებამ“ დაახლოებით 300 ათასზე მეტი ხმა მოიპარა. არ მჯერა და ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ აქტივობა 300 ათასით გაიზარდა და ყველა ხმა "ქართული ოცნებისკენ“ წავიდა. ასევე, ვერავინ დამაჯერებს იმას (და ამაზე "ჰარის X“ და “ედისონ რისერჩის” სტატისტიკოსებიც საუბრობენ), რომ ამ მასშტაბის თანაბარი მატება აქვთ საშუალოდ ყველა უბანზე. შეიძლება ნომერ მეორე უბანი წააგო, ნომერ მესამე მოიგო, ეს არჩევნებია და შესაძლებელია. არა, მათ თანაბარი მატება აქვთ ყველა უბანზე, რაც ძალიან საეჭვოა... ამას ყველა გამოცდილი სტატისტიკოსი ამბობს. "ოცნებამ“ ზუსტად იცის, რომ მე ამის შესახებ ზუსტად ვიცი და ამას მოჰყვა ყველაფერი, თორემ ისინი ძალიან კარგად მიცნობენ ვინ ვარ, დიდი ხანია, ოპონენტები ვართ. უბრალოდ, მათ მწარედ მოხვდათ ეს ამბავი.
- ვერაფერი გავიგეთ მისი გამოსვლიდან, რისი თქმა სურდაო, ამბობენ. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ბრიფინგზე, რატომ ვერ გააგებინეთ?
- ძალიან კარგადაც გაიგეს. ჟურნალისტურ გამოძიებებს თუ უსმინეთ, მიხვდებოდით, რა სქემებზეცაა საუბარი და ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაიდება, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენი მტკიცებულებების ნაწილი, რა თქმა უნდა, შეზღუდულია და ასეთი ჩარევები, რაც მათ გააკეთეს, 1 კვირაში ვერ გამოაშკარავდება.
- დაახლოებით რამდენ ხანში გამოაშკარავდება?
- მაგის წინასწარ თქმა, რთულია, ვმუშაობთ და ყველა მტკიცებულება სრულად მიეწოდება პროკურატურას და ყველას. მართალია, არ მაქვს პროკურატურის იმედი, განსაკუთრებით "ქართული ოცნების“ პირობებში, უბრალოდ, ისინი სამართლებრივ ნაწილში უნდა არსებობდეს. როდესაც მტკიცებულებები შეიკვრება, აუცილებლად მივაწვდით, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ ინსტიტუციებს იმისთვის, რომ მომავალში ამ საკითხზე ჩატარდეს გამოძიება.
- თქვენზე გვიამბეთ - ვინ არის თენგო?
- შავი პიარით ცუდად უნდოდათ ჩემი წარმოჩენა, მაგრამ არ გამოუვიდათ, თუ არ ჩავთვლით ტროლ-ბოტებს და "პოსტივის“. რომც გამოსვლოდათ, ეს ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. პროფესიით კონსტიტუციონალისტი ვარ, სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვკითხულობ ლექციებს საკონსტიტუციო და საარჩევნო სამართალში. 2022-23 წლებში გერმანიაში, რეგენზბურგის უნივერსიტეტში ვიყავი მოწვეული, როგორც მეცნიერ-მკვლევარი, ვარ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, საკონსტიტუციო კომისიის 2018 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განხილვების წევრი (აჭარას აქვს მისი კონსტიტუცია და მაშინ საკონსტიტუციო კომისია იყო შექმნილი), ასევე, 2022 წელს საქართველოს პრეზიდენტმა წარმადგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად (მე და გიორგი კალანდარიშვილი კონკურენტები ვიყავით). 2019 წლიდან ვარ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი, მათ შორის, ბოლოს "რეფორმების და კვლევის ჯგუფის“ თავმჯდომარე ვიყავი. ამჟამად პარტია "ახალის“, კოალიცია ცვლილებებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გახლავართ. სხვადასხვა დროს ვიყავი სოხუმის, ტექნიკური, გრიგოლ რობაქიძის, აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა უნივერსიტეტების ლექტორი (7-8 უნივერსიტეტში ვკითხულობდი და ახლაც ვკითხულობ ლექციებს).
- ისიც საინტერესოა, როგორ და რატომ მოხვედით პოლიტიკაში, პარტიული საქმიანობით რის შემდეგ დაინტერესდით?
- ეს პირველი პარტიაა და იმედი მაქვს, ბოლო იქნება იმიტომ, რომ ამ პარტიის იდეოლოგიას ვემხრობი. პარტია ჩემი დაფუძნებულია ნიკა გვარამიასთან, ნიკა მელიასა და სხვა ლიდერებთან ერთად. მჯერა, ეს პარტია აუცილებლად დაამარცხებს "ქართულ ოცნებას“ ყველანაირ, მათ შორის იმ უსამართლო პირობებშიც... კოალიციაში ინტელექტუალური, მშრომელი და პროგრესული ძალა შეიკრიბა.
- არჩევნების გაყალბებას დამტკიცება სჭირდება...
- ამას აუცილებლად დავამტკიცებთ. არა, თითქმის უკვე დამტკიცებულია ყველაფერი, ამას დრო სჭირდება. აშშ-ც კი, როცა არჩევნებში სხვა ქვეყნის ჩარევაზე იყო ლაპარაკი, ამის გამოძიება-დამტკიცებას 7-8 წელი მოუნდნენ. ჩვენ ამდენი ხანი არ დაგვჭირდება, ღრმად ვარ დარწმუნებული, ანგარიში რამდენიმე კვირაში დაიდება. მთავარი, რასაც მე ველი ისაა, რომ ქართველმა ხალხმა დაიჯეროს გამარჯვების და გამოძიების შედეგიც აუცილებლად დადგება. უბრალოდ, არ მჯერა, რომ "ქართული ოცნების“ პირობებში გამოძიებას ექნება შედეგი და რაიმე ტიპის გამოძიებას აღიარებს უმრავლესობა. თუ ვინმეს სჯერა, ღმერთმა გაუმარჯოს. წარმოიდგინეთ, "ოცნება“ არჩევნებს არ ატარებს, შედეგებს არ აღიარებს და გამოძიებას როგორ აღიარებს? მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი დაიბრუნებს გამარჯვებას.
არანაირი პრობლემა არ მაქვს, გააგრძელონ ჩემი სახელის ხსენება და "მელოდონ“, როგორც თქვეს. განსაკუთრებით მდინარაძეს, კალაძეს და ვიღაცებს არ ვთვლი ჩემს საპირწონედ, არც საპასუხოდ ვთვლი, უბრალოდ, პოლიტიკური პროცესია და ხალხის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს. ხედავთ, რომ მათ არც ვეპასუხები იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა წერა-კითხვა ისწავლეს 25 წლის ასაკში, კალაძემ ის არ იცის, რამდენი ასოა ანბანში და რა პასუხი გავცე? არც ვაპირებ პასუხის გაცემას, ახლა ჩემი გაშავება სულ არ არის მნიშვნელოვანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ევროპული მომავალი დგას საპირწონედ და ახლა თენგოს "აშავებენ“ თუ არა პროპაგანდისტები, ეს ჩემი აზრით, ხალხისთვის მნიშვნელოვანი არ არის. - აცხადებს თენგო თევზაძე.
0
0