26/09/2023
22:03
ეკონომიკა
ფინანსურ სისტემას მოწოდებები ვერ შეარყევს ცხადია, რადგან ფუნდამენტური საფუძვლები არის მდგრადი, ინფლაციაც მოთოკილია, ტურიზმის აღდგენაც მოხდა, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში ნორმალურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
„ფინანსური სისტემა სტაბილურია. ფინანსურ სისტემას მოწოდებები ვერ შეარყევს ცხადია, რადგან ფუნდამენტური საფუძვლები არის მდგრადი, ინფლაციაც მოთოკილია, ტურიზმის აღდგენაც მოხდა, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში ნორმალურად მიმდინარეობს, ინვესტიციების პროცესიც ნორმალურად მიმდინარეობს და ამიტომ რაიმე ფუნდამენტური ფაქტორი იმისა, რომ დავუშვათ, მატერიალიზდეს თუნდაც 10% იმ სურათის, რისი დახატვაც უნდათ, რომ ჩამოიქცევა, სისტემას რაღაც საფრთხე დაემუქრება - ეს რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან ამას არ აქვს არავითარი საფუძველი.
აქ მიზეზშედეგობრივი კავშირია მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, როდესაც მსგავსი პანიკის დამთესველი მოწოდებები გაისმის, ეს მოსახლეობაზე მოქმედებს. მოსახლეობას შეიძლება არ აინტერესებს და არც უნდა აინტერესებდეს რაღაც დეტალები რეგულაციები და ა. შ, მაგრამ როდესაც ამის ირგვლივ იწყება აჟიოტაჟი, რომელიც პრაქტიკულად გადადის ჩვენი საფინანსო სისტემის დისკრედიტირებაში - ეს მოქმედებს და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ბანკი უფლებამოსილი და ვალდებულია, რომ მოახდინოს მოკლევადიანი რეაგირება და დაეხმაროს ბაზარს და ჩვენ სწორედ ეს მოვახდინეთ ინტერვენციებით.
გუშინ მაგალითად, 30 მილიონიდან გაიყიდა 8 მილიონი, შესაბამისად, აღარ არის უკვე აჟიოტაჟური მოთხოვნა და ეს პროცესი ჩაცხრა. პრაქტიკულად ბაზარი ფუნქციონირებს ჩვეულებრივ რეჟიმში და მოსახლეობაც დარწმუნდა, რომ არაფერი არ ჩამოიქცა და ამას არავითარი საფუძველი არ აქვს.
აქვე გეტყვით, გვაქვს პროგნოზი, რომ ინფლაცია დარჩება შედარებით დაბალი. ყოველ შემთხვევაში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე დაბალი უახლოესი თვეების განმავლობაში, თუ გარე ფაქტორი არ იმოქმედებს. ვვარაუდობთ, რომ მომდევნო წლის ბოლომდე 3%-ის ირგვლივ დაკონცენტრირდება, რაც ძალიან კარგია, რადგან ჩვენი ძირითადი მანდატი არის ფასების სტაბილურობა.
და რაც შეეხება ფინანსური სისტემის მდგრადობას ამასაც ჩვენ ძალიან კარგად ვაფასებთ საფრთხეს და აქაც რაიმე ისეთი გამოწვევა არ დგას. ყოველთვის არის გამოწვევები სხვადასხვა პერიოდში, რომელიც ჩვენ ერთობლივი მუშაობით საბანკო სისტემასთან გადაილახება.
აქედან გამომდინარე, მართლაც გადაჭარბებული იყო ის სურათი, რაც ხელოვნური პოლიტიკური მოტივაციით მავანს უნდოდა, რომ შეექმნა, მაგრამ ამან ბაზარზე იმოქმედა მოკლევადიანად", - განაცხადა თურნავამ.
0
0