05/06/2023
18:04
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც 2022 წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული სესხის აუთვისებელ თანხაზე ე.წ. ვალდებულების გადასახადის გადახდას უკავშირდება და განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს უზუსტობებს.
„საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო ე.წ. ვალდებულების გადასახადის შესახებ კიდევ ერთხელ განმარტავს შემდეგს:
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობასთან არსებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს სესხის აუთვისებელ თანხაზე ე.წ. ვალდებულების გადასახადის გადახდას. აღნიშნული წარმოადგენს გადასახადს დამტკიცებული სესხის ფარგლებში სესხის ასათვისებელ ნაწილზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთით, ხოლო უკვე ჩამორიცხულ თანხაზე ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა.
გასათვალისწინებელია, რომ ვალდებულების გადასახადი, სესხის ასათვისებელ ნაწილს ერიცხება, სესხის ორმხრივად ძალაში შესვლის (გაეფექტურების) დღიდან, სრულად ჩამორიცხვამდე, იმისდა მიუხედავად, თუ კონკრეტული წლის ბიუჯეტში რა თანხაა გათვალისწინებული პროექტის ათვისების საპროგნოზო მაჩვენებლად.
ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ვალდებულების გადასახადის განაკვეთი, რამდენიმეჯერ ნაკლებია ჩამორიცხული სესხის საპროცენტო განაკვეთთან შედარებით.
შინაარსობრივად, ვალდებულების გადასახადი არ არის დაკავშირებული მხოლოდ კონკრეტული პროექტის დაგეგმილ ვადაში ვერ განხორციელებასთან. ვალდებულების გადასახადის უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, რომელთა განხორციელებას რამდენიმე წელი სჭირდება და ბუნებრივია, რომ სესხი ერთბაშად ვერ ჩამოირიცხება.
მსგავსი პროექტების შემთხვევაში, პირველ წელს დაგეგმილი თანხის სრულად ან გადაჭარბებით ათვისების მიუხედავად, დარჩენილ წლებში ასათვისებელ თანხებზე ხორციელდება ვალდებულების გადასახადის დარიცხვა. შესაბამისად, მსგავსი ხარჯები ყოველთვის იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, იმისდა მიუხედავად, რამდენად სწრაფად და დაგეგმილი დროის მიხედვით მიმდინარეობს პროექტის განხორციელება.
რაც შეეხება 2022 წლის ბიუჯეტის ანგარიშში მითითებულ ინფორმაციას - აღნიშნული ინფორმაცია თავის მხრივ, ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, რომელიც აუდიტის სამსახურს წარედგინა მიმდინარე წლის მარტში, კანონით განსაზღვრულ ვადებში.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ვალდებულების გადასახადი დარიცხულია 7 პროექტის ფარგლებში ასათვისებელ რესურსზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც აჭარბებს 380 მილიონ ევროს, ხოლო 130 მილიონი ლარი წარმოადგენს მხოლოდ ბიუჯეტის მიზნებისთვის გათვალისწინებული ათვისების პროგნოზს 2022 წლისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ 2022 წელს გადახდილი 2 387 ათასი ლარიდან, 2022 წელს პროექტების გეგმის სრულად ათვისების შემთხვევაში, ვალდებულების გადასახადი დაირიცხებოდა 330 ათასი ლარით ნაკლები. თუმცა ამავდროულად, ავტომატურად დაიწყებოდა პროცენტის დარიცხვა და პროცენტის მუხლში გაწეული იქნებოდა მეტი ხარჯი 2022 წლის ჭრილში.
სესხების გაეფექტურების და ათვისების საბოლოო თარიღების გათვალისწინებით, 2 მილიონი ლარის გადახდა 2022 წელს გარდაუვალი იქნებოდა, ყველა პროექტის 100%-იანი ათვისების შემთხვევაშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0