13/10/2024
12:44
საზოგადოება
გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში მომხდარ ავტოავარიას ორი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა. ამ დროს ეზოში ქალბატონები თავისთვის ფუსფუსებდნენ და მოულოდნელად მსუბუქი ავტომობილი ეზოში მათ დაეჯახა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები მალევე მივიდნენ, მაგრამ ორივე ქალბატონი ადგილზე იყო გარდაცვლილი.
მერის წარმომადგენელი გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანის და სოფელ კახიფარის ადმინისტრაციულ ერთეულში ბატონი სიმონ კილაძე ადასტურებს ამ შემზარავ ფაქტს და ამბობს, რომ მძღოლი სამართალდამცავებს ჩაბარდა.
"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ჩვენს სოფელში, გარდაცვლილი ქალბატონები ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები არიან, ნუნუ ზაქალაშვილი და იზოლდა ცაცაბაშვილი. სამწუხაროდ ორივე მათგანი ადგილზეა გარდაცვლილი. როგორც მითხრეს, ავტომანქანის მძღოლს ჩაეძინა და ამიტომ ავტომობილი ეზოშია შევარდნილი. ამ დროს თურმე თავიანთ ეზოში იყვნენ იზოლდა და ნუნუ. ჩურჩხელას ავლებდნენ და ამ დროს შევარდა იქ ავტომობილი და დაეჯახა მათ. იზოლდა ცაცაბაშვილის სახლში მოხდა ეს სამწუხარო ტრაგედია, ქალები იქ მარტოები იყვნენ იმ დროს და საქმიანობდნენ. ჯერ არ ვარ შემთხვევის ადგილზე მისული, როგორც მაცნობეს, მანქანა ქალბატონ ნუნუს დაეჯახა და ამის დანახვაზე ქალბატონი იზოლდა გულის შეტევით გარდაცვლილა. ეტყობა შიშისგან გული გაუსკდა, ორივე იქვეა გარდაცვლილი. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია მაქვს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და სამართალდამცავები დაადგენენ უფრო მეტ დეტალს. მძღოლს მე არ ვიცნობ, ამბობენ, რომ ის გურჯაანელია. არსებული ინფორმაციით ფხიზელი იყო, მაგრამ ჩაეძინაო. ალბათ სიმთვრალის ამბავს ექსპერტიზა დაადგენს. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ გარდაცვლილები და ძალიან დიდი გულისტკივილია მათი გარდაცვალება. ქალბატონი ნუნუ ზაქალაშვილი წლების მანძილზე ბაღის გამგე იყო. ამბობენ, იზოლდაც წამებში გარდაიცვალაო, არის ვარაუდი, რომ გული გაუსკდა. მძღოლი ჩაბარდა პოლიციას და გამოძიება მიმდინარეობს. გზის პირას არის სახლი და იქვეა მოსახვევი, ეზოშია მანქანა შევარდნილი. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს". - ამბობს სიმონ კილაძე
გარდაცვლილი ქალბატონის ნუნუ ზაქალაშვილის მეზობელი ამბობს, რომ ის ქვემო ხოდაშენის ბაღის გამგე იყო
„ქალბატონი ნუნუ ჩემს სოფელში, ქვემო ხოდაშენში იყო ბაღის გამგე. საუკეთესო ქალბატონი, თავისი საქმის ბრწყინვალე სპეციალისტი. ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა და ძალიან განვიცდით ყველანი. ჩემი შვილების მასწავლებელი, ბევრი თაობის აღმზრდელი. უნიჭიერესი ადამიანი, კარგი დედა, კარგი მეუღლე, კარგი ბებია იყო. ყველას მიმართ კეთილი. ძალიან უყვარდა პოეზია, სიმღერა. ამ ბოლო პერიოდში თავის ლექსებს კითხულობდა კიდეც სოციალურ ქსელში და ხშირად ვუსმენდი. ძალიან დასანანია და დიდი ტრაგედიაა, ორი შვილი ჰყავს ნუნუს, ორივე ბიჭები, დაოჯახებულები არიან. ერთი ცხოვრობს ქვემო ხოდაშენში, მეორე საბერძნეთშია. ნუნუს მეუღლე გარდაცვლილია და პენსიაში გასვლის მერე დაბრუნდა თავის მშობლიურ სოფელში, ვაჩნაძიანში, სადაც დაიბადა. ნუნუ გათხოვილი იყო ქვემო ხოდაშენში და აქ უდიდესი სიყვარულით ისაუბრებს ყველა მასზე. მეორე ქალბატონს არ ვიცნობ. როგორც გავიგეთ, მეზობელთან ყოფილა შესული და იქ დატრიალდა ეს ტრაგედია. ძალიან განვიცდით", - ამბობს ადგილობრივი
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
0
0