12/05/2023
00:24
ტურიზმი
გოდერძის უღელტეხილზე ახალი სათხილამურო ტრასის მშენებლობას ვგეგმავთ და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სხვა დასახლებების განვითარება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„იგეგმება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინის მშენებლობა. პრაქტიკულად, ყველა რაიონსა და დასახლებულ პუნქტში იქნება ახალი ტურისტული ატრაქციები, რომლებიც განაპირობებენ როგორც ეკო ტურიზმის, ასევე იქ მცხოვრები ოჯახების ჩართვას ტურიზმის განვითარებაში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა. მასშტაბური პროექტის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადდა.
ზიპლაინის ქვედა სადგურში ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი განთავსდება. საპროექტო არეალი დაახლოებით 3500 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. შენობაში კაფეტერია და ტერასა მოეწყობა. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები განთავსდება.
ტენდერის პირობის მიხედვით, პროექტის ღირებულება 9 512 716 ლარს შეადგენს. ზიპლაინის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრამდე განხორციელდება.
0
0