31/10/2024
23:18
მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს ბელარუსში შეხვდა. სიიარტო ბელარუსში ევრაზიული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
„ევროპაში არ ვართ ერთადერთები, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დავუბრუნდეთ ევრაზიულ თანამშრომლობას, მაგრამ ვართ ერთადერთები, ვისაც აქვს საკმარისი სიმამაცე ამის ღიად გაცხადებისთვის“, – განაცხადა სიიარტომ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლავროვთან შეხვედრის გარდა, სიიარტო უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
კონფერენციაში ძირითადად რუსეთის მოკავშირე ქვეყნები მონაწილეობდნენ. მათ შორის ჩინეთი, ირანი და სირია.
სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას.
„დიალოგის არარსებობამ ევროკავშირში გამოიწვია ის, რომ ეს სივრცე გახდა გაცილებით ნაკლებად უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი. თუ არ დავუბრუნდებით დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს, ევროპა გახდება გაცილებით უფრო სახიფათო ადგილი და დაკარგავს ზრდის პოტენციალს მომავალში“, – თქვა სიიარტომ.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ნატო-ს ქვეყნებში, რომლის წევრიც არის უნგრეთი, სულ უფრო მეტ შეშფოთებას გამოთქვამენ ბუდაპეშტის მოსკოვთან და პეკინთან დაახლოების გამო. გამოცემა აღნიშნავს, რომ უნგრელმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს ბუდაპეშტში ნატო-ს ქვეყნების ელჩებისა და სამხედრო მრჩევლების შეხვედრაში მონაწილეობაზე, რამაც მოკავშირეებში იმედგაცრუება გამოიწვია. ამ შეხვედრაზე იგეგმებოდა უნგრეთის მოსკოვთან თანამშრომლობის საკითხის განხილვა.
0
0