09/10/2024
21:19
მსოფლიო
ატლანტის ოკეანეში მეოთხე კატეგორიის ქარიშხლისგან წარმოქმნილი ექსტრატროპიკული ციკლონი „კირკი“ ევროპის კონტინენტზე შემოვიდა.
ციკლონის მოახლოებასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საგანგებო მზადყოფნა იყო გამოცხადებული.
როგორც გამოცემა Lemonde წერს, „კირკმა“ დასავლეთ ევროპაში, პორტუგალიასა და ესპანეთში ხეები დააზიანა, შემდეგ კი ძლიერი ქარი და წვიმა საფრანგეთს დაატყდა თავს.
პორტუგალიური მხარის განცხადებით, სამშაბათიდან მოყოლებული, ქვეყანაში 1300-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა ხეების წაქცევას უკავშირდებოდა.
„ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი პორტო, სადაც ძირფესვიანად 400-ზე მეტი ხე ამოიძირკვა. აგრეთვე დაზიანდა ავტომობილები და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა რიგ მონაკვეთებზე. ქვეყნის ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიაში კი აცხადებენ რომ ელექტროენერგიის მიწოდება 300 000-ზე მეტ ოჯახს შეუწყდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარი 120 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს და მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, რის გამოც, მოსალოდნელია შვიდ მეტრამდე ტალღების წარმოქმნა.
ხოლო ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში ნარინჯისფერი განგაშია გამოცხადებული. მეტეოროლოგების პროგნოზით, ასტურიას რეგიონში ქარის სიჩქარე 140 კმ/სთ-ს მიაღწევს. ხოლო გალისიაში ღვარცოფი და ძირიანად მოწყვეტილი ხეები სამანქანო გზაზე ჩამოვიდა.
ბოლო ცნობებით, საფრანგეთის მეტეოროლოგიურ სამსახურს ქვეყნის 30 რეგიონში აქვს გამოცხადებული ნარინჯისფერი განგაში.
0
0