24/10/2024
18:41
მსოფლიო
ევროპარლამენტმა ევროკავშირს აზერბაიჯანულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ მოუწოდა, ამის მიზეზად დაასახელა საფრთხე, რომ აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის იმპორტის გაზრდა შესაძლოა, ბაქოს მიერ რუსული გაზის იმპორტს ნიშნავდეს.
ევროპარლამენტის წევრები ასევე სთხოვენ ევროკომისიას, შეაჩეროს 2022 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმი ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
დღეს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ აზერბაიჯანის რეჟიმის მიერ აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერების და სხვების, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების, შიდა და ექსტრატერიტორიულ რეპრესიებს, რაც შესამჩნევად გაძლიერდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის წინ, რომელიც დაგეგმილია ბაქოში 11-22 ნოემბერს.
ევროპარლამენტარები ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევა შეუთავსებელია კლიმატის კონფერენციის მასპინძლობასთან და მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს, როგორიცაა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გამოიყენონ შეკრება, როგორც შესაძლებლობა, ისაუბროს ამ საკითხებზე.
გარდა ამისა, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი მომავალი პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის უნდა იყოს პირობითი ბაქოს მხრიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების, სამართლებრივი რეფორმების გატარების, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების და ასევე სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჭეშმარიტი მზადყოფნის დემონსტრირების სანაცვლოდ.
ევროკავშირის პარლამენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს გაყინონ ყველა სამხედრო და უსაფრთხოების აღჭურვილობის ექსპორტი აზერბაიჯანში და, რომ აზერბაიჯანის შემდგომ სამხედრო ქმედებას სომხეთის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები მოჰყვება.
რეზოლუცია 453 ხმით მიიღეს, 31 წინააღმდეგი იყო, 89-მ კი თავი შეიკავა.
0
0