09/10/2024
21:01
პოლიტიკა
საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის. უფრო მეტიც, აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციას განიხილავს როგორც ანტიქართულ რეზოლუციას.
„მთელი რიგი ევროპული ქვეყნები გაცილებით ინტენსიურად და დიდი მასშტაბით ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან, ენერგორესურსები იქნება თუ სხვა. მაგალითად, ლიეტუვა საქართველოზე მეტ ღვინოს აწვდის რუსეთს, რაც საკვირველია ნამდვილად, მაგრამ რატომღაც საქართველოს მიმართ არის ეს მოთხოვნა. კარგად გვესმის, რომ მსოფლიო დაპირისპირებების პირობებში, საქართველოსადმი რუსეთის აგრესია გარკვეულ რესურსს შეუქმნის ამ საომარი მოქმედებების, დაპირისპირებული მხარეების ერთ ფრთას, მაგრამ საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდება. საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, მიზერია მთლიან მის ეკონომიკაში, მაგრამ საქართველოსთვის იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის მქონე. უფრო მეტიც, ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. ასე რომ, ჩვენ ამ რეზოლუციას განვიხილავთ, როგორც ანტიქართულ რეზოლუციას, არა მთავრობის საწინააღმდეგოს, არამედ ანტიქართულ რეზოლუციას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტები მხარს უჭერენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკის განმარტებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის კიდევ სხვა პუნქტებიც, რომლებიც არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც აღწერილია ევროსაბჭოს კვლევებში, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა ყველა მიმართულებით, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ეკონომიკური, თუ მართვის სხვა მაჩვენებლებით.
„ვფიქრობ, რეზოლუცია პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, მაგრამ არსებობს საკმაოდ მომძლავრებული ხმა, რომელიც იცავს საქართველოს, იცავს მის პოზიციას ყველა მიმართულებით და რასაკვირველია მისასალმებელია. არჩევნების წინ ასეთი რეზოლუციის მიღება წარმოადგენს არა მარტო შიდა საკითხებში ჩარევას, არამედ დაუოკებელ სურვილს, როგორმე საქართველოში შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ განვითარება მიეცეს იდეას საომარ თუ ეკონომიკური ბრძოლის პროცესებში ჩართვის შესახებ. უკვე მეოთხე რეზოლუციაა მიღებული უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ." - ამბობს ვოლსკი.
0
0