04/11/2024
09:08
მსოფლიო
ევროპა აშშ-სთან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაწყვეტისთვის ემზადება, თუ დონალდ ტრამპი მეორედ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
გამოცემა ესაუბრა 15 პოლიტიკოსს, დიპლომატსა და ანალიტიკოსს ხუთი ევროპული ქვეყნიდან. მათ ისაუბრეს „ტრამპისგან დასაცავად უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებების“ გეგმების შემუშავებაზე, მათ შორის, უკრაინაში ომთან დაკავშირებით.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ევროპელი მაღალჩინოსნები ცდილობენ ამერიკის არჩევნებამდე უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტების გამოყოფის ლობირებას. გარდა ამისა, ნატო-ს ახალმა ხელმძღვანელობამ შეითავსა პენტაგონის ზოგიერთი ფუნქცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციის კუთხით.
სავაჭრო სფეროში მიმდინარეობს მზადება ევროპიდან იმპორტზე ტრამპის მიერ ტარიფების შესაძლო გაზრდისთვის, განსაკუთრებით, ავტომობილებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის მაღალჩინოსნები განიხილავენ ამერიკულ საქონელზე ტარიფების საპასუხო გაზრდის იდეას. ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის პოტენციური მოლაპარაკებების სხვა ვარიანტებია ჩინეთის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის წინააღმდეგ თანამშრომლობის შეთავაზება ან აშშ-დან იმპორტის მოცულობის გაზრდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 5 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც ევროპა ელოდება ვაშინგტონის კურსის ცვლილებას, თუმცა არა ისეთ რადიკალურს, როგორც ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში. ზოგიერთი მაღალი რანგის ევროპელი მოხელე და დიპლომატი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ჰარისი უფრო ბარაკ ობამას კვალს გაჰყვება, ვიდრე ჯო ბაიდენისას, და აშშ-ის ყურადღებას აღმოსავლეთ აზიაზე გადაიტანს.
„ჰარისის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ფილიპ გორდონი ევროპის ექსპერტია, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინის „მდგრად“ მხარდაჭერას. თუმცა, ამავდროულად, ის ასევე ემხრობა უფრო რეალისტურ გარიგებას ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის“, – აღნიშნავს „ვაშინგტონ პოსტი“.
0
0