30/10/2024
18:52
მსოფლიო
ევროკავშირის პროკურორები „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერ მანფრედ ვებერის მიერ 2019 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივად გამოყენების, ასევე თაღლითობისა და კორუფციის ბრალდებებს იძიებენ.
ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოძიებას ევროკავშირის საზოგადოებრივი პროკურატურის ოფისი ატარებს, რომელიც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსების არამიზნობრივ გამოყენების საქმეების გამოძიებაზეა პასუხისმგებელი.
„პოლიტიკოს“ ცნობით, გამოძიება სამ პირზეა ფოკუსირებული, მათ შორის ორ მაღალჩინოსანზე, რომლებიც ვებერის 2019 წლის საარჩევნო კამპანიასთან იყვნენ დაკავშირებული.
გამოძიება იკვლევს, იღებდა თუ არა აღნიშნული სამი პირი უკანონო შემოსავალს „ევროპის სახალხო პარტიისგან“ და ამავე პოლიტიკური ჯგუფისგან ევროპარლამენტში.
კანონის მიხედვით, ევროპარლამენტისთვის გამოყოფილი სახსრების საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად გამოყენება დაუშვებელია, რადგან ეს გადასახადების გადამხდელთა ფულია.
პოლიციის დოკუმენტაციის თანახმად, დანაშაულებრივი ბრალდებები მოიცავს „საჯარო დოკუმენტის გაყალბებას“, „საჯარო მოხელის მიერ საჯარო დოკუმენტის გაყალბებას“,„თაღლითობას“ და „კორუფციას“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერ ოფიციალურად ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
ევროკავშირის საზოგადოებრივი პროკურატურის ოფისი თანამშრომლობს ბელგიის პოლიციასთან. „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფში განაცხადეს, რომ გამოძიების შესახებ ინფორმირებული არ არიან.
0
0