28/06/2022
12:53
მსოფლიო
ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია და ეს სამართლიანია. გასულ კვირას ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარ ბლოგში დაწერა.
ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია და ეს სამართლიანია. გასულ კვირას ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარ ბლოგში დაწერა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის ომმა უკრაინაში გაამწვავა ევროპის წესრიგის და პრინციპების შესახებ დებატები და ბევრი ქვეყნისთვის იქცა სტრატეგიულ მომენტად, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საკუთარი მისწრაფებების შესახებ და მიიღონ აღიარება თავიანთი ამბიციებისთვის.
„უკრაინის ლიდერებმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადეს, რომ სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მათი პრიორიტეტია. მსგავს მსჯელობას ვხედავთ მოლდოვას მთავრობისგანაც. და ბოლოს, ამას ვხედავთ საქართველოს მთავრობის განაცხადში და ათი ათასობით ქართველ დემონსტრანტში, რომლებიც გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშებით“, – წერს ბორელი.
მისივე თქმით, იგივე ეხება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებმაც მათი გაწევრიანების პროცესის შეფასება დამსახურების მიხედვით მოითხოვეს. ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად გაფართოება ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებშია.
„ევროკავშირის მხრიდან, მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ამ ქვეყნებთან ერთად გაფართოება, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ პირობების შესრულება არ არის წყალობა ან დათმობა. ეს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია. ეს არის კონტინენტის, ევროკავშირის ღირებულებების და სტანდარტების გარშემო მოწყობის საშუალება. გაფართოების საიმედო პოლიტიკა არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია მთელი ევროპის მშვიდობაში, სტაბილურობაში, უსაფრთხოებაში და ეკონომიკურ ზრდაში. სხვები ღიად ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის გავლენას და ღირებულებებს სამეზობლოში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები და გავფართოვდეთ მათთან, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შესაძლო გაფართოების ფონზე აუცილებელია საგარეო პოლიტიკაში ერთსულოვნების პრინციპის შეცვლა და გადაწყვეტილებების წევრი ქვეყნების ხმათა უმრავლესობით მიღება.
„ევროკავშირის გაფართოების გამოცოცხლებასთან ერთად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ევროკავშირის მოქმედების უნარი. ესეც გეოპოლიტიკური იმპერატივია. ნათელია, რომ სხვადასხვა დროს ჩვენ გადავიხადეთ საფასური ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ერთსულოვნების პრინციპის გამო, ჩვენი ქმედებების დასუსტებით და დაგვიანებით. ვფიქრობ, უნდა გადავხედოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. წლების განმავლობაში ვნახეთ მრავალი შემთხვევა, როდესაც წევრი ქვეყნები იყოფიან საგარეო პოლიტიკის საკითხებში. პრინციპში ეს ნორმალურია, რომ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები ისტორიის, გეოგრაფიის და სტრატეგიულ პოლიტიკური კულტურაში არსებული განსხვავებების გათვალისწინებით, მაგრამ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ იწყება დისკუსია, არამედ როგორ მთავრდება. ევროკავშირის სისტემის სიძლიერე ყოველთვის იყო ის, რომ სხვადასხვაობა გარდაექმნა შეთანხმებებად. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილება მიიღება ერთსულოვნებით თუ ხმების უმრავლესობით. თუ ქვეყნებს ეცოდინებათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ხმების უმრავლესობით, მათ ექნებათ მოლაპარაკებების, ალიანსების შექმნის და კონსენსუსის ჩამოყალიბების ძლიერი სტიმული“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
0
0