10/10/2024
22:55
სპორტი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში შვედეთთან 2:3 დამარცხდა.
იენჩეპინგის „სტადსპარკსვალენზე“ გამართული დაპირისპირება რამაზ სვანაძის გუნდმა შესანიშნავად დაიწყო და მე-12 წუთზე ნოდარ ლომინაძის გოლით დაწინაურდა. მალე მასპინძლებმა ჩვენი დაცვის უხეში შეცდომებით ისარგებლეს და 23-ე წუთზე იაკობ ონდრეიკას გოლით ჯერ წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 37-ე წუთზე ვილიოტ სვედბერგმა შვედები წინ გაიყვანა.
ჩვენი გუნდისთვის მეორე ტაიმის დასაწყისიც არასახარბიელო გამოდგა. 47-ე წუთზე შვედების სწრაფი კონტრშეტევა იუსეფ ერაბიმ დააგვირგვინა. ოთხ წუთში მასპინძლებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს – სამუელ დალიმ ბურთი მეკარეს, ოლივერ დოვინის დაუბრუნა, მაგრამ მან ვერ შეიმაგრა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.
ამის შემდგე ახალგაზრდა „ჯვაროსნებმა“ თამამად შეუტიეს, თუმცა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და კონკურენტთან წაგებით 7 ტურის შემდეგ 16 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე დაქვეითდნენ. შვედეთი 17 ქულით მეორე პოზიციაზეა და თუ ბოლო ტურში გასვლაზე ჯგუფის გამარჯვებულ ნიდერლანდებთან ქულას მოიპოვებს, მეორე ადგილზე გავა, რითიც ევრო 2025-ის პლეი ოფში ითამაშებს.
შანსი რამაზ სვანაძის გუნდსაც აქვს. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ მატჩს ქუთაისში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ 15 ოქტომბერს 20:00 საათზე გამართავს. თუ შვედეთი ნიდერლანდებთან დამარცხდება და საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენი 21-წლამდელები მეორე ადგილს და შესაბამისად, პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.
0
0