06/07/2023
00:49
სპორტი
ბუქარესტში ევრო 2023-ის მეორე ფინალისტიც გაირკვა – ესპანეთის ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა.
გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ და ქულები გაინაწილეს – 2:2. ნახევარფინალური შეხვედრა კი სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ესპანეთი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველივე მწვავე კონტრშეტევაზე ანგარიში უკრაინამ გახსნა – მიხაილო მუდრიკის იერიში გუნდის კაპიტანმა, არტიომ ბონდარენკომ მე-13 წუთზე დააგვირგვინა, მაგრამ ესპანეთის ახალგაზრდულმა გუნდმა თამაში სულ რაღაც თერთმეტ წუთში შემოატრიალა. მე-17 წუთზე აბელ რუიზმა სწრაფი შეტევით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 24-ე წუთზე ეფექტური კომბინაციით გუნდი ოიჰან სანსეტმა დააწინაურა – 2:1.
მეორე ტაიმში ესპანეთის ნაკრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 54-ე წუთზე „რეალის“ ნახევარმცველმა, ანტონიო ბლანკომ უკრაინელთა კარი მესამედ აიღო, ხოლო აიმარ ოროზიმ (68-ე წუთი) და სერხიო გომესმა (78) ანგარიში გამანადგურებელი გახადეს – 5:1.
ესპანეთი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატში ფინალში ინგლისს დაუპირისპირება, რომელმაც ბათუმში გამართულ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ისრაელს 3:0 სძლია.
ევრო 2023-ის ფინალური მატჩი „ბათუმი არენაზე“ 8 ივლისს გაიმართება. ტიტულისთვის გადამწყვეტი შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავზებთ.
საქართველოს პირველი არხი
0
0