15/07/2024
00:55
სპორტი
ევროპის ჩემპიონატი ესპანეთი-ინგლისის ფინალური დაპირისპირებით დასრულდა. ფინალის შესაფერის დაძაბულ და ემოციურ მატჩში საბოლოოდ გაარჯვება ესპანეთს დარჩა – 2:1.
მატჩის დაწყების წინ გაიმართა ფინალის გახსნის საზეიმო ცერემონია, შესრულდა ევრო 2024-ის ჰიმნი და ბერლინის ცა „ოლიმპიაშტადიონიდან“ გაშვეულმა ფოიერვერკებმა გაანათა.
I ტაიმი
ესპანეთის ნაკრებს ფინალში დაუბრუნდნენ ლენორმანი და კარვახალი, რომლებმაც ნახევარფინალი დისკვალიფიკაციის (ყვითელი ბარათები) გამო გამოტოვეს. ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში კი გამოჩნდა ლუკ შოუ, რომლისთვისაც ეს პირველი მატჩი იყო სასტარტო შემადგენლობაში. ასეთი შემთხვევა ბოლოს 2000 წელს მოხდა – იტალიის ნაკრების ფორვარდმა დელ ვეკიომ მთელი ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში ერთადერთი მატჩი ითამაშა ძირითადში, ისიც ფინალი.
მიუხედავად იმისა, რომ ბურთს უმეტესად ესპანეთი ფლობდა, მატჩი მაინც ინგლისის სცენარით წარიმართა: თამაში ძირითადად მოედნის შუაში მიმდინარეობდა და ესპანელებს საგოლე მომენტების შექმნა ძალიან გაუჭირდათ.
II ტაიმი
მატჩის 47-ე წუთზე მოხდა ისეთი რამ, რასაც ესპანელი და ნეიტრალური გულშემატკივრები ელოდნენ – ლამინე იამალის პასით ნიკო უილიამსმა უზუსტესი დარტყმა შეასრულა და ესპანეთი 1:0 დააწინაურა. ეს გახლდათ იამალის მეოთხე პასი ამ ჩემპიონატზე. საინტერესოა, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 4 პასზე მეტი არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.
ესპანეთის გოლმა თამაში „გახსნა“ – ინგლისმა თამაშის გამწვავება სცადა, თუმცა საკუთარ ნახევარზე არაერთხელ დარჩა ცარიელი სივრცე და ესპანელებმაც არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. ინგლისელთა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა მიღებული გოლის შემდეგ მალევე განახორციელა ცვლილება – კეინის ნაცვლად პალმერი შეიყვანა. 73-ე წუთზე სწორედ პალმერმა გაათანაბრა ანგარიში საკას აქტიურობისა და ბელინგემის პასის შემდეგ.
ესპანეთის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონობას იმსახურებს. მიღებული გოლის შემდეგ კვლავ ეფეტურად შეუტია და 86-ე წუთზე ოიარსაბალმა გაიტანა კიდეც. დარჩენილ დროში ინგლისელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
0
0