20/10/2022
10:11
მედიცინა
ბევრ ადამიანს ესმის რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა ბევრი ადამიანი მოწევას თავს ვერ ან არ ანებებს. ამ დამოკიდებულებას ნიკოტინი იწვევს - ქიმიური მოლეკულა, რაც მის შემცველი პროდუქტების მომხმარებელს ადრენალინის მოზღვავებას წამიერ განაცდევინებს. დროთა განმავლობაში ნიკოტინი ორგანიზმში გროვდება და თმის ცვენისგან დაწყებულ და ღვიძლის დაავადებებითა და გულის შეტევებით დამთავრებულ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.
მეცნიერთა საერთაშორისო კვლევითმა გუნდმა ამ მავნებელ მოლეკულასთან გასამკლავებელ გზას მიაგნო. მათ ბაქტერიის სახეობა, Bacteroides xylanisolvens, აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანის კუჭ-ნაწლავში ბინადრობს და იქ დაგროვილი ნიკოტინის დაშლა შეუძლია. მეცნიერებმა ბაქტერია თაგვებზე გამოსცადეს; თაგვების შემთხვევაში ბაქტერიამ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის (ჰეპატოზი, სტეატოზი) შეფერხებაც შეძლო, რაც მოწევის ერთ-ერთი შესაძლო სავალალო შედეგია.
ეს აღმოჩენა იმაზე მიგვითითებს, რომ მომავალში შესაძლოა ეს ბაქტერია ადამიანებისთვის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შეჩერებაში დაგვეხმაროს.
მოწევისას ნიკოტინს ფილტვები იწოვენ, შემდეგ კი მას ღვიძლი გადაამუშავებს. ღვიძლში ნიკოტინი ტოქსინებს (მომწავლავ ნივთიერებებს) გამოყოფს და ანთების პროვოცირებას ახდენს.. წინა კვლევები ადასტურებენ, რომ ღვიძლის დაზიანება, ჭარბი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლის წითელი უჯრედების წარმოება, ღვიძლის ცხიმოვანი არაალკოჰოლური დაავადებისა და სისხლის კიბოს განვითარება მოწევასთან არის დაკავშირებული.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორ თაგვების ჯგუფს შორის, რომელთაგან მხოლოდ ერთი მოაქციეს ნიკოტინის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, თაგვებს, რომლებმაც ეს ზემოქმედება განიცადეს, ნიკოტინის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდათ სხეულში.
შემდეგ მათ ამგვარი ექსპერიმენტი გაიმეორეს. ამ შემთხევაში, ორივე ჯგუფი ნიკოტინის ზემქმედების ქვეშ მოაქციეს, თუმცა ორიდან მხოლოდ ერთ ჯგუფში შემავალ თაგვებს გააჩნდათ მიკროფლორა (კუჭის ცოცხალი მიკროორგანიზმების ერთობლიობა) ნაწლავებში. მიკროფლორის მქონეთა ჯგუფში, თაგვებს სხვა ჯგუფთან შედარებით ნაკლები ნიკოტინის დაგროვება აღმოაჩნდათ. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მიკროფლორა უცნობი გზით ნიკოტინის მოშთობას ახერხებდა და საქმე მიკროფლორის ერთ-ერთ წარმომადგენელს ეხებოდა.
მეცნიერებმა Bacteroides xylanisolvens სახეობის ბაქტერიას მიაგნეს და შემდეგ ბაქტერიის მთელი გენომი გაშიფრეს, რათა კონკრეტული გენი ეპოვათ, რომელიც ნიკოტინის დაშლას წარმართავს. მომავალში შეიძლება ეს გენი ადამიანის უჯრედებში ჩავნერგოთ ან კუჭ-ნაწლავში ამ სასარგებლო ბაქტერიის მომრავლებას შევუწყოთ ხელი.
ყოველწლიურად 8 000 000 ადამიანი მოწევით ან თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარების მიზეზით კვდება. ერთი ბაქტერიის სახით მეცნიერებმა ამ პრობლემას უჩვეულო გამოსავალი მოუძებნეს.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
Წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0